“ქვეყანაში უძრაობის, ჭაობისა და შმორის სუნი იტრიალებს, თუ…”

ახალი სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გვყავს – ყველა მათგანი ყოფილი ძალოვანია. თითქოს ელემენტარულია, რომ ეს ყველაფერი ახლახანს გაუჩინარებული ივანიშვილის კარზე ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგია: გომელაურმა გახარიას კადრები შსს-დან გამოაძევა, პრემიერმა კი მათ ახალი ფუნქცია მოუძებნა, გუბერნატორებად დანიშნა, რითაც რეგიონების მართვის ამოცანები გაიმარტივა, თუმცა ამ გაწამაწიაში, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს სამკვდო-სასიცოცხლოდ გადაკიდებია, ხოლო პოსტ-ბიძინასეულ ოცნებაში ერთმენეთს ებრძვიან, ცოტამ თუ გაიაზრა ის უმძიმესი პრობლემა, რომელიც ძალოვნების პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშვნას და მათი დახმარებით ქვეყნის პოლიციურ მართვას უკავშირდება.

“პოლიცია სახელმწფოს ხერხემალია”, – თქვა ერთხელ პრეზიდენტმა სააკაშვილმა. დიახ, ეს მართლაც ასეა, როდესაც პოლიცია სამართლისა და კანონის აღსრულების მთავარი და ეფექტური იარაღია. თუმცა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ხელისუფლის ხელში ქვეყნის მართვის, ძალაუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასჯის  საშუალება ხდება, ეს ქვეყანას პოლიციურ სახელმწიფოდ, სამართალდამცავ ორგანოებს კი მმართველის “ხერხემლად” აქცევს.

არადა, ძალოვნების დახმარებით ქვეყნის კონტროლის ცდუნებას საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფალმა გაუძლო. ედუარდ შევარდნაძე “რკინის კაცით” ანუ კახა თარგამაძით და კორუმპირებული, ღიპიანი მილიციელებით ცდილობდა ქვეყნის მართვას. სააკაშვილი კი ლამაზ ფორმაში გამოწყობილი, “რეფორმირებული”  პოლიციით და ვანო მერაბიშვილით. ორივეს ეგონა რომ მათი ძალაუფლებისა და სახელმწიფოს ხერხემალი პოლიცია იყო, თუმცა ვერც ერთს უშველა რკინის კაცმა და ვერც მეორეს ვანომ. როდესაც საზოგადოებამ მოინდომა, მათ ორივეს ძალაუფლების დათმობა მოუწიათ.

ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი ძალაუფლების ხერხემლად მიიჩნია ივანიშვილმაც. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით ის ბევრად შორს წავიდა: გარდა იმისა, რომ ძალოვან მინისტრებად საკუთარი “მსახურები” დანიშნა, შსს-ც, სუსიც, პროკურატურაც, სასამართლოც, სახელმწიფო რწმუნებულებიც და ადგილობრივი თვითმმართველობებიც “ნეკნებად” მიაბა საკუთარ ძალაუფლების ხერხემალს. შედეგად, დღევანდელ საქართველოში პოლიცია სამართალდამცავი აღარაა – ის ხელისუფლებადამცავია, ეს ქვეყანა კი, არც მეტი არც ნაკლები, პოლიციური სახელმწიფო.

პოლიტიკური სიბრძნე კი გვეუბნება, რომ  წინამორბედების მსგავსად ვერც ივანიშვილის ხელისუფლებას გადაარჩენს პოლიციური ხერხემალი. ხოლო მომავალმა მმართველებმა ის გაკვეთილები უნდა გაითვალისწინონ, რომელიც არაერთხელ მივიღეთ, თუმცა ვერაფერი ვისწავლეთ.

პოლიციამ სამართალი უნდა დაიცვას და კანონი აღასრულოს, სახელმწიფო კი ყველა დონეზე პოლიტიკოსებმა უნდა მართონ. გუბერნატორები კი, რომელებიც  ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობებს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლები უნდა იყვნენ, მხოლოდ მაშინ შეძლებენ საკუთარი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას, თუ მათ უკეთეს შემთხვევაში ხალხი აირჩევს, უარეს შემთხვევაში კი ამ თანამდებობებზე ადგილობრივი პოლიტიკიდან ამოზრდილ, რეგიონში პატივსაცემ ფიგურებს დანიშნავენ. რაც მათ მომავალში დიდი პოლიტიკაშიც გაუხსნის გზას, ისე როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

სხვა შემთხვევაში, თუ რწმუნებულებად და ადგილობრივ მმართველებად ისევ შსს-სა და სუს-ის კადრებს დავნიშნავთ, იმისათვის რომ პოლიციური მეთოდებით ვმართოთ ქვეყანა, იმ ჯადოსნურ წრეზე გავაგრძელებთ სვლას, რომელზეც უკვე 30 წელია დავდივართ, და ნუ გაგვიკვირდება რომ ამ ქვეყანაში კვლავ უძრაობის, ჭაობისა და შმორის სუნი იტრიალებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share