“დიახ, ბიძინამ ხალხი გადაარჩინა”-რეჟისორი

კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და მას, მათ მხსნელად მიიჩნევს, ეს არ ახალია და საზოგადოებას ალბათ მათი მადლიერების მიზეზიც ესმის. გამონაკლისი არც რეჟისორი ბუბა ხოტივარია, რომელიც ამბობს, რომ ის ფონდ “ქართუდან” თანხის მიმღები არ არის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ამის გარეშეც სიამოვნებით საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან, სადაც ხოტივარი ივანიშვილის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. რეჟისორთან ინტერვიუ “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა:

ივანიშვილი უფრო წინ არის, ვიდრე ბევრი ინტელექტ­უალი, აზროვნებითაც და კაცობითაც, ზნეობითაც და ქცევითაც… გენიალური ფილმები, სიმფონიები, პიესები თუ რომანები ჯერ იქმნება და მერე ხვდება საზოგადოება მათ მნიშვნელობასა და ფასს…

თავისი ავტორიტეტით ბიძინა ლაზიერია. სულ არ სჭირდება ფორმალური თანამდებობა, მაგრამ ისიც მოიშორა იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ ისწავლოს ამ ურთულესი ქვეყნის მართვა, რომელიც მტრებითა და პროგრამული სადისტებით არის გარშემორტყმული. მათ უნდათ საქართველოს შეჭმა, მაგრამ ვერასდროს შეძლებენ, რადგან ღმერთი დროდადრო ბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გადაარჩენენ ხოლმე საქართველოს.

ბიძინას ხიხოს ეძახიან… რა სისულელეა! თითქოს დავით აღმაშენებელი არ იყო გეგუთელი ან ილია ჭავჭავაძე არ იყო ყვარლიდან. კი ბატონო, თბილისელი იყო სააკაშვილი და თბილისური ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ თავი მოიჭრეს? მეც თბილისელი ვარ, მაგრამ მრცხვენოდა თბილისელობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ჩამოსულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ვითომ ჩამოსულების აშენებული­ არ იყოს საქართველო! მსოფლიოში ყველა დიდი ადამიანი პროვინციიდან იყო ჩასული. ფრანგული გამოთქმაა: “პროვინციაში იბადებიან და პარიზში იხოცებიან”.
მისი მთავარი პრინციპია: “რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია”. ეს ოპოზიციას არ ესმის. ფიქრობენ, რომ თუ ბიძინა ფულს ხარჯავს, ე.ი. ეს თანამდებობისთვის სჭირდება. არ ესმით, რომ ყველაფერი, რაც ბიძინამ გასცა, მისია სწორედ იმიტომ, რომ გასცა.
ერთი სულიერი, ნიჭიერი გამონათება ოპოზიციისგან მოგისმენიათ? ლანძღვა-გინების მეტი გაგიგიათ რამე? ერთმანეთი სძულთ, მაგრამ ბიძინას შიში ერთნაირად ალაპარაკებთ, რადგან ხედავენ, ამ კაცმა მათ ყველაფერში აჯობა.
დიახ, ხალხი გადაარჩინა, მაგრამ მე, როგორც ნაცნობმა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი შრომით უნდა ვიშოვო ოჯახის სარჩო-საბადებელი.”- ამბობს ხოტივარი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share