საგიჟეთში მომხდარი ამბები. სააკაშვილმა, რომელიც ბოიკოტის მთავარი მომხრე იყო, თქვა – რაის ბოიკოტიო… პარლამენტში უნდა შევიდეთ, ოღონდ, მელია რომ გამოვაო. მელიამ თქვა, მე არ გამოვალო… ციხეში უნდა დავრჩეო…
არავითარი გირაოო. გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც პოლიტიკიდან იყო წასული, პარლამენტში შევალო…ნაცების სიიდანო. ბოკერიამ, რომელზეც ამბობდნენ სააკაშვილს მართავდა ადრეო და მერე სააკაშვილის მოწინააღმდეგე იყოო, სააკაშვილის მსგავსი პოზიცია დაიჭირა. ოღონდ, ბოკერია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თქვა, პარლამენტში შედით, როცა მელია გამოვაო, დარჩა მარტო.
მარტო რა – შალვა არ შედის! ოღონდ, ნათელაშვილი შალვა და არა შავგულიძე. შავგულიძე შედის, ბაქრაძეც და ახვლედიანიც – ოღონდ, ბოკერიას პარტიის სიით. სამადაშვილი ჩაქოლეს მიშას მომხრეებმა – მოღალატეაო… სააკაშვილმა რომ თქვა იგივე – ეგ გმირიაო.
ჯუნიორ ვაშაძემ თქვა, მე არ ვიცი, რას ნიშნავს პროცესის ღალატიო… მე ვიცი, რას ნიშნავს ცოლის ღალატიო. ეს თქვა თაკო ჩარკვიანის პასუხად, რომელმაც თქვა, მაგან პროცესს უღალატაო. ელენე ხოშტარია! არც შედის და არც ევ.საქის სახელით შედის. ირმა ინაშვილი ვერ შედის… ნუ, გაყიდა ალბათ ინჯიაზე მანდატები. სააკაშვილი სამოცდამერვედ ამბობს, რომ ჩამოდის საქართველოში. გუბაზი არ ჩანს. ერთხელ ხსენებული თაკო ჩარკვიანი ტირის. ნინო ბურჯანაძეც ტირის, იმედია.
ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი.