“ბიზნესი”, რომელიც ოზურგეთში წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ერთგვარ თავის ტკივილად იქცა, ვგულისხმობთ სუფსის, ნატანებისა და ბჟუჟის მდინარეების კალაპოტებში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას, და რამდენიმე წლის მანძილზე მინიმუმამდე იყო დაყვანილი, მეორე წელია მთელის სიმძლავრით ამოქმედდა.
“გურიის მოამბეს” ამ მიმართულებით მომუშავე, ინერტული მასალების უკანონოდ მომპოვებელი, უკვე ყოფილი ბიზნესმენი, რომელიც ამ სქემიდან ახალმა მოქმედმა პირებმა ამოაგდეს, დეტალურად გვიყვება იმ სქემის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ამ უკანონო გზით შემოსული ფინანსები ადგილობრივ მაღალჩინოსნებს შორის,
წყაროს ცნობით, ყველაზე დიდი წილი მოგებიდან ოზურგეთის მერს და შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტს უწევს.
ავთანდილ თალაკვაძეს 40%, ლევან ხარაბაძის უწყებას 20%. გვეუბნება ყოფილი ბიზნესმენი, რომელსაც ინერტული მასალების საქმიდან გაგდების პროცესში, დასახელებულ პირებთან შეხლა-შემოხლა და ქუჩური დავაც ქონდა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 20% უწევს ოზურგეთის მერის მოადგილის მეუღლეს, ვინმე კოტე შევარდნაძეს, რომელიც ძმების თალაკვაძეების “კურთხევით” ამ უკანონო ბიზნესს არაოფიციალურად კურირებს.
“დარჩენილი 20% კი ე.წ. “მაყურებლებს” რჩებათ ადგილზე, რომლებსაც ესენი ძირითადად სოფლებში, კრიმინალური მენტალობის ადამიანებისაგან აკომპლექტებენ და ამ უკანასკნელთა ძირითად ფუნქცია ადგილზე მოსახლეობის პროტესტის არდაშვება, ან არსებობის შემთხვევაში ჩახშობაა” – გვიყვება ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში ხელისუფლების ხელდასხმით და კარგად არის ინფორმირებული.
რაც შეეხება ილა კეჭაყმაძეს და ბეგი სიორიძეს, ისინი ძმებმა თალაკვაძეებმა ფინანსურად ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყვეს.
პირველმა მიმდინარე წელს ოზურგეთში ავტოსერვისი გახსნა და ოზურგეთის მერმა მასთან უმალ ხელშეკრულება გააფორმა.
ავთანდილ თალაკვაძის უწყება ილა კეჭაყმაძის ავტოსერვისს მარტო მიმდინარე წელს ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში თანხას გადაუხდის საკუთარ ბალანსზე არსებული მანქანების მომსახურებაში.
ბეგი სიორიძემ კი სრული ხელშეუხებლობა მიიღო და ბოლო პერიოდში ამ უკანასკნელმა, თავისი მერობის დროს მითვისებული ქონებების გადაყიდვა დაიწყო.