“პირველად 90-იანებში, ერთი შემთხვევისას მივხვდი, რომ ძალიან ცუდად წავიდოდა ჩვენი საქმე. რუსთაველის თეატრში თაბუკაშვილის “სველი იასამანი” გადიოდა. მახსოვს, გაოგნებულები გამოვედით სპექტაკლიდან. დარბაზში მყოფი მაყურებლის გარკვეული ნაწილი საერთოდ ვერ ხვდებოდა სპექტაკლში ნაჩვენებ ახალგაზრდების უმძიმეს ტრაგედიას. სულელურად იცინოდნენ იქ, სადაც არაფერი იყო სასაცილო. ვერ ხვდებოდნენ სიუჟეტის ტრაგიზმს, ხუმრობების მწარე ორაზროვნებას და იყვნენ ერთ გართობასა და სიცილ-ხარხარში, თითქოს იუმორინას ესწრებიანო. ისეთი აუტანელი სანახავი იყო ეს ხორხოცი, რომ მახსოვს, თვით მსახიობებსაც აშკარად ეტყობოდათ გაღიზიანება, უნდოდათ მალე დაემთავრებინათ სპექტაკლი ამ საშინელი პრიმიტივიზმის გამო.
დღეს ბევრად მძიმეა სიტუაცია. სტანდარტი და კლასი დაიკარგა აზროვნებაშიც, ქცევაშიც და პროფესიულ ცხოვრებაშიც. დღემდე ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება, რატომ არ შეიძლება ზოგიერთისთვის ყველაფერი. მაგ. რატომ არ შეიძლება სასულიერო პირი კამერის წინ იპრანჭებოდეს, რატომ არ შეიძლება ბერები სუფრასთან სატრფიალო სიმღერებს მღეროდნენ, რატომ არ შეიძლება, რომ მოსამართლეები დათვრნენ და რესტორნის წინ საჯაროდ მღეროდნენ, რატომ არ შეიძლება პარლამენტარმა სხდომათა დარბაზში დედა შეიგინოს, კოლეგას ზურგში მიკროფონი ჩაარტყას ან თანამდებობის პირმა ბინძური მინიშნებებით მოიხსენიოს ოპონენტები.
აი, ის ხალხი 90-იანებში სისხლით სველ იასამანზე უაზროდ რომ ხარხარებდა, გამრავლდა, გაქსუვდა, ბევრგან უკვე ძალაუფლებაზე მიუწვდება ხელი და დღესაც ასე უყურებს ყველაფერს. ურთიერთობის ყველანაირი სტანდარტი გააუპატიურეს და რომც მიუთითო, ვერაფერს შეასმენ. შინაგანი კულტურის და ტაქტის ის ფაქიზი სიმი, რომელიც ამაზე უნდა რეაგირებდეს და თვალდახუჭული გრძნობდეს ზღვარს, უბრალოდ არ არსებობს მათში. ძალიან მძიმეა ამის ყურება და მოთმენა.”
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოცქსელში.