პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის – გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების” დეპურატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტს შეემატება.
„უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. თავდაპირველად მას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სესიაზე გავა. ამ თემაზე გუნდში საბოლოო შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ერთის მხრივ, ძალიან სამართლიანი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკისები, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან, იმსახურებენ, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ და პარლამენტი დატოვონ, თუმცა მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ ჩანიშნულა. ასევე, ხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პარლამენტს შეემატებიან. გამომდინარე აქედან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ობიექტური მოცემულობა. გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.