გურიის ერობის (თვითმმართველობის ფორმა საქართველოში) საქმიანობა ძალიან საინტერესო გახლავთ, თუნდა იმ მხრივ, რომ გურიაში ასეთი დემოკრატიული, ეროვნული სულისკვეთების და საზოგადოების ინფორმირების მაღალი სტანდარტი არასდროს აღარ განმეორებულა.
.
პირველ რიგში საინტერესოა ვინ აირჩიეს გურულებმა ერობის თავმჯდომარედ, ეს გახლდათ სიო ჭანტურიშვილი საქართველოს და გურიის ისტორიის დავიწყებული გმირი. იგი გახლდათ დიდი განათლების მქონე პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა და კუთხისა, პროფესიით იურისტი და ფინანსიტი, გურიაში ჩამოსვლამდე საკმაოდ ცნობილი კაცი იყო იურიდიულ და ფინანსურ წრეებში, მიუხედავად ამისა იგი გურიაში დაბრუნდა. ასევე საინტერესოა, რომ იგი ასევე გახლდათ მწერალი-დრამატურგი, მისი შექმნილია დრამები: „მორევში“, „სული ობოლი“, „ბურუსი“, „გაზაფხულის ვნება“, „ზღუდეთა შორის“ და ვოდევილი – „გმირი“. მისივე თაოსნობით ოზურგეთში გამოდიოდა გაზეთი “გურიის ერობის მოამბე”, რომელშიც დეტალურად ქვეყნდებოდა ერობის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1937 წლის 28 დეკემბერს ტროიკამ (გოგლიძის, წერეთლის და მოროზოვის შემადგენლობით) ჭანტურიშვილს დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა, მეორე დღესვე განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.
.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ს, 1920 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გურიის სამაზრო ერობაში – მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გამაგრების საქმე“.
.
სტატიის შინაარსის მიხედვით ადვილად შესაძლებელია დავრწმუნდეთ თუ რამდენად ეფექტური იყო 1920 წელს საქართველოში არსებული თვითმმართველობა, როგორ იყო ჩართული მოსახლეობა თვითმმართველობის საქმეში, როგორ იკრიბებოდა გადასახადები და ასევე როგორ კონტროლდებოდა ხალხის ფულის ხარჯვა. ასევე ჩანს თუ რა დიდი მომავალი ჰქონდა თვითმმართველობას რომ არა შემდგომი მოვლენების განვითარება.
.
სტატიის შინაარსი – “როგორც ამას წინადაც ვსწერდით, გურიის სამაზრო ერობა უკვე შეუდგა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გამაგრებაზე მუშაობას. აგრეტვე თვეზე მეტია, რაც ამ საქმისთვის საჭირო ორგანიზაციას აწყობს ის კომისია, რომელიც ამ საქმის სახლემძღვანელოთ შესდგა ერობის გამგეობის წევრის კალე ქავთარაძის (პარლამენტის ყოფილი წევრი – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა) თავმჯდომარეობით და რიონის მარცხენა ნაპირზე გაშენებულ თემთა და აგრეთვე ქალაქ ლანჩხუთის წარმომადგენლობის წევრობით. ამ კომისიის დადგენილებით რიონის ზოლში არსებულ თემების ყველა მოქალაქე ვალდებულია რიონის ნაპირების გასამაგრებლათ უფასოთ იმუშაოს, თვითეულმა 7-7 დღე; ვინც განთავისუფლებული იქნება ამ ნატურალური ბეგარისაგან სხვა და სხვა მიზეზების გამო, იხდის ათას მანეთს. შეკრებილი ფულით უნდა დაქირავებული იქნას მუშების – განსაკუთრებით სვანები. მუშაობა ევალება აგრეთვე შორეული თემების იმ მაცხოვრებელთაც, რომლებიც ყანობენ რიონის ნაპირას; მუშას თან მიაქვს საყოფი სურსათი, ადგილობრივათ მოეწყო მუშებისათვის ბინა. გაიხსნა საფერშლო პუნქტი და აფთიაქი; მოწვეულია ხუთი მეთვალყურე, ერთი სამეურნეო ნაწილის გამგე – თანაშემწით, შეძენილი იქნა საჭირო ბარები, საზიდები და სხვა ხელსაწყო.
.
თემები სიამოვნებით შეეგებნენ ამ საქმეს ყოველგვარ დახმარებას უწევენ კომისიას.
.
ჩიბათის თემმა შეაგროვა 400 მუშა, ნიგოითმა – 500, შუხუთმა – 400, ლანჩხუთმა – 800 და სხვა.
.
მუშაობა დაიწყო 8 ამ თვეს, მუშები დაყოფილია ცალკ-ცალკე რაზმებათ, თვითეული რაზმი მიჩნეულ ნაკვეთში მუშაობს. სპეციალისტების დასკვნის თანახმად კომისია არ კმაყოფილდება მარტო დამბების გაკეთება-მოგვარებით, არამედ გადაწყვეტილია ახალ ადგილას ახალი კალაპოტის გაჭრა, რომ რიონის მიმდინარეობას პირდაპირი მიმართულება მიეცეს. ბევრი ძნელი და ჩვენი ხალხისთვის უჩვევი სამუშაოს გაწევა იქნება საჭირო, ამიტომ კომისიამ გადასწყვიტა სვანების დაქირავება საძნელო მუშაობის შესასრულებლათ.
.
გურიის ერობის გამგეობა, გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელობს მთელ ამ მუშაობას, აწყობს თემებში ორგანიზაციებს და კიდევაც გამოყავს ხალხი ნატურალური ბეგარის მოსახდელათ – შავი სამუშაოს შესასრულებლათ სრულიად უფასოთ, მატერიალურ ხარჯსაც სწევს თავისი სალაროდან, მაგალითად საგზო, ორგანიზაციის მოსაწყობი და სხვა ხარჯების თვით იღებს.
.
ერობის გამგეობის დღის წესრიგშია აგრეთვე დასმული საკითხი – ამ საქმეზე ერობის კასიდან ჯერ-ჯერობით 100 000 მანეთის გადადების შესახებ.
.
მიუხედავათ ამისა, დამფუძნებელი კრების დეკრეტის თანახმად ამ საქმისთვის გადადებული 500 000 მანეთი ეძლევა ლანჩხუთის ქალაქის გამგეობას. ეს დიდ გაუგებრობას იწვევს ადგილობრივათ. რაშია საქმე? რით აიხსნება ეს? უნდობლათ, თუ სხვა რაიმე მიზეზით? აუცილებლათ საჭიროა ამის დაჩქარებით გარკვევა, რომ დაწყებული დიდი და საშვილიშვილო საქმის მუშაობა არ შეფერხდეს.”
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა