მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეზე გამოძიება შესაძლოა შორენა თეთრუაშვილით დაინტერესდეს. მასთან ერთად კი საგამოძიებო უწყებას კითხვები პატრიარქის მოსაყდრის გარემოცვის სხვა წევრებთანაც ექნება.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.
პარალელურად, 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს დამლაგებელი, რუსუდან მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის მეუფე შიოს ოთახს ალაგებდა. მაისურაძის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა მისი გარდაცვალება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეს. საპატრიარქოში ამ ორ საქმეს შორის კავშირს უარყოფენ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს “მთავარმა არხმა” ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მთავარ არხს წყაროები უყვებოდნენ, რომ მეუფე შიოს სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის “დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო”.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.