ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვანია, რომელმაც შსს-ს ცნობით, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,” – ნათქვამია განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.