ევროკავშირმა უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩო ხელახლა გახსნა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა სოციალურ ქსელში დელეგაციის შენობის გარეთ აღმართული დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევიდან საელჩო დროებით პოლონეთში გადაიტანა.
ავსტრია კი კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ავსტრიის საელჩოს თანამშრომლები უკრაინის ქალაქ უჟგოროდში მუშაობენ, რომელიც სლოვაკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
„ვინაიდან კიევის ირგვლივ ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა, ავსტრიის საელჩოს გუნდი განაახლებს მუშაობას უკრაინის დედაქალაქში“, – განაცხადა ნეჰამერმა და დასძინა, რომ ეს „ამ ძალიან რთულ დროს უკრაინის მიმართ ავსტრიის სრული მხარდაჭერის ნიშანია“.
შეგახსენებთ, კიევში ელჩი ევროკავშირმა უკვე დააბრუნა.
აღსანიშნავია, რომ კიევში საელჩოს მუშაობის განახლებას იტალიაც გეგმავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ საელჩო აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაიხსნება.