საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ყველა პლატფორმა, რათა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მსოახლეობის კითხვებს არგუმენტირებული პასუხები გაეცეს და საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აცრა პანდემიის დაძლევის ერთერთი საუკეთესო გზა არის. კახაძემ ამ კუთხით განსაკუთრებით დეპუტატებისა და მედიის როლზე გაამახვილა ყურადღება.
კახაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას უფლება აქვს აბსოლუტურად ყველა კითხვა დასვას და მათზე არგუმენტირებული პასუხი მიიღოს. აქვე დეპუტატი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია ძალდატანებით არ უნდა მოხდეს.
კახაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა ვაქცინაცია და 70 მილიონს გადაცდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აცრა ჩაიტარა.
“მე მინდა, ჩვენი კეთილგონიერი მოსახლეობის საყურადღებოდ ვთქვა, იქ ყველაფერი აღნიშნულია – მისი დადებითი მხარეები, მოსალოდნელი შედეგები, პერსპექტივა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ერთერთ გამოკითხვას გავეცანი და ანტივაქსერები ანუ აცრის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ყველასთან მაქვს თხოვნა, ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ იმ ადამიანების (ანტივაქსერების) კითხვებზე საპასუხოდ. ყველა პლატფორმა ჩვენი პარლამენტის დეპუტატის თითოეულ პლატფორმაში, ჩვენი მასმედიას ხომ განსაკუთრებით, საღად, არგუმენტირებულად ადამიანებს გონივრული ნაბიჯებისკენ მოვუწოდოთ. იმიტომ, რომ აცრა ის ძლიერი დაცვის მექანიზმია, რომელიც ამ პანდემიიდან გამოსვლის ერთერთი საუკეთესო გზა არის”, – აცხადებს კახაძე.
კახაძის თქმით, ანტივაქსერებს არა მარტო გაუთვითცნობიერებლად ეშინიათ აცრის, არამედ შეიძლება, ვიღაცამ რაღაც უთხრას არასწორად, ანდაც ვიღაცამ ვაქცინაციაზე ადამიანებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას პოლიტიკური სარჩული დაუდოს.
კახაძე იმედოვნებს, რომ საქართველო თებერვლის ბოლოდან შეუდგება ვაქცინაციის პროცესს.
ამერიკულ-გერმანული “ფაიზერი“, ბრიტანული “ასტრაზენეკა“, ასევე ჩინური “სინოფარმა“, ან “სინოვაკი” – ეს ბოლო პერიოდში დასახელებული სხვადასხვა ვაქცინაა, რომელიც საქართველოში შეიძლება, შემოიტანონ.
მთავრობის გეგმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივი იქნება. პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები. ეს სია ჩამოყალიბების პროცესშია.
ჯერჯერობით მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, როდის, რომელ და რა რაოდენობის კოვიდვაქცინას შემოიტანს საქართველოს მთავრობა, ან როგორია ვაქცინაციის გეგმა ყველა ტიპის გამოწვევის გათვალისწინებით – როგორც ლოჯისტიკური, ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. კომუნიკაციის არამწყობრი სტრატეგია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას აბნევს. ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის უცნობია, როდის შეძლებს ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ ტემპს.