ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტი დაიტბორა და ყველა რეისი გადაიდო. აეროპორტში ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.
დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wings პირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.
20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა – მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways ბოიკოტი გამოუცხადა – მან თქვა, რომ აირზენა “ფულისთვის ყველაფერზე მზად არის” და “უნდა, რომ ისარგებლოს ამ რეალობით”, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თავის მხრივ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ავიაკომპანიის ბორტზე არ აუშვებენ.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
1-ელ ივლისს უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. ჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.