“გთხოვთ განაგრძოთ ბრძოლა უკრაინის, საქართველოსა და ჩემთვის”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გიორგი ჩალაძემ წაიკითხა.
2008 წელს ბუქარესტში ჩვენი თავი მგლებს საჯიჯგნად მიუგდეს. ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის დელეგაციის გმირული ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც ბოლო წუთამდე ცდილობდნენ ჩვენთვის MAP-ის მოპოვებას, გერმანიის პოზიცია იყო მთავარი დაბრკოლება. ისინი გაერთიანდნენ სარკოზისთან, რომელიც ადრე სიგნალებს მიგზავნიდა, მაგრამ გერმანიის ზეწოლის ქვეშ პოზიცია შეიცვალა. გერმანიამ უთხრა აშშ-ს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების გამო ვერ მიიღებდნენ საქართველოს, მაგრამ მზად იყვნენ უკრაინის საკითხი განეხილათ. მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც ისინი უკრაინის საკითხს უმატებდნენ: „იმ პირობით, რომ უკრაინელების უმეტესობას ეს უნდა“. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 20% იყო ნატოში გაწევრიანების მომხრე.
2008 წლის თებერვალში ოფიციალური ვიზიტით მიმიწვიეს თეთრ სახლში, მაგრამ ოვალურ კაბინეტში შესვლამდე ერთი საათით ადრე მერკელმა დამირეკა და მითხრა, რომ რა პირობაც არ უნდა მოეცა ჩემთვის ბუშს, ის დაბლოკავდა. ბუშმა ეს სერიოზულად არ მიიღო, რადგან ისტორიაში გერმანიას არასოდეს დაუბლოკია აშშ-ის გადაწყვეტილება.
ბუქარესტში რომ ჩავედი, ბასესკუმ სადილზე დამპატიჟა და უკვე საკმაოდ პესიმისტური სიტუაცია იყო. მერე გერმანიის მარშალის ფონდის ჯგუფს შევხვდი და საუბრის ტონი უკვე ისე ჟღერდა, თითქოს ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იყო.
მთელი ღამე იყო მოლაპარაკებები და მერკელმა საკუთარი ხელით დაწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები“ და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა თქვა: „როგორც ჩანს, ჩვენ მათ MAP-ზე მეტი მივეცით“. კომუნიკეში კიდევ ერთი საშიში პუნქტი ჩაიდო – MAP-ის საკითხი ხელახლა განიხილება დეკემბერში. ეს საბედისწერო იყო, რადგან რუსეთს მიეცა ზუსტი ვადები, როდის უნდა ემოქმედა. მათ მაშინვე გააკეთეს ეს – დაამყარეს ოფიციალური კავშირი სეპარატისტულ რეგიონებთან. მაისში რუსეთმა აფხაზეთში 2000 დამატებითი ჯარისკაცი გადაისროლა, დაიწყო სამხედრო პროვოკაციების მთელი რიგი და ეს ყველაფერი დასრულდა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სამხედრო სრულმასშტაბიანი შემოჭრით.
ქართული ჯარების გმირულმა წინააღმდეგობამ შემოჭრის პირველ დღეებში მოიტანა ის, რომ ჩვენ შევაკავეთ 20-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი რუსული 58-ე არმიის წინსვლა, მძიმედ დავჭერით მისი მეთაური ხრულიოვი და ჩამოვაგდეთ 14 რუსული თვითმფრინავი.
იმავდროულად, პრეზიდენტმა კაჩინსკიმ თბილისში ჩამოიყვანა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 5 ლიდერი და მათ სიცოცხლეზე აიღო პასუხისმგებლობა. ანამ უკვე გაიხსენა ეს მოვლენები, რადგან ყველაფერში მონაწილეობდა ამჟამინდელ პრეზიდენტ დუდასთან ერთად.
და ბოლოს, აშშ-მ მტკიცედ იმოქმედა და დაიწყო ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, რამაც პირველ რიგში გააჩერა რუსები თბილისის შესასვლელთან.
ახლა ხდება ის, რომ საქართველო ჩამოაშორეს უკრაინას და სიცივეში მიაგდეს, რაც ვილნიუსის კომუნიკეს ძალიან მკაცრ ენაში გამოიხატა. უფრო მეტიც – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ მიმართა ქართველ ხალხს მოწოდებით, იბრძოლონ, რათა მათი ხმა გაგონილ იქნას ბელორუსთან და მოლდოვასთან ერთად (ალბათ არ არის საჭირო ჩემი შეხსენება, რომ ეს ქვეყნები ნატოში არ მიისწრაფიან). გარდა ამისა, სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არ იყვნენ მიწვეული და ეს ყველაფერი ნათელი სიგნალია.
უაღრესად მადლობელი ვარ ევროპარლამენტის ყველა წევრის, რომლებმაც მოითხოვეს ჩემი გათავისუფლება ამ ფსევდოსამართლებრივი პროცესისგან და პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააძევა საქართველოს ელჩი, სანამ ჩემი საკითხი არ გადაწყდება.
გთხოვთ განაგრძოთ ბრძოლა უკრაინის, საქართველოსა და ჩემთვის, – წერს მიხეილ სააკაშვილი.