ეს სოფელი ისე სქლადაა დასახლებული, რომ ადგილობრივი მოსავალი არ ჰყოფნის სოფელს, რის გამოც იძულებულნი არიან იძულებულნი სხვაგან ეძიონ საყანე ადგილები (მაგალითად ნიგოითში და გურიის თავისუფალი ადგილებში). ღვინის მოსავალს კი დღემდის, როგორც ამ სოფელში ისე მის მეზობელ სოფლებშიაც არაუშავდა რა, ის გასაყიდადაც გაჰქონდათ. ამ ბოლო წლებში საზოგადოთ ძალიან იკლო, მეტადრე ადესის ვენახი სულ გადაშენდა და არავითარ ნაყოფს აღარ იძლევა. ამერიკულ ვაზზე დამყნილი ვენახი კარგათ ხარობს აქაურ ადგილებში, რის გაშენებას ბევრმა მოკიდა ხელი, ასე რომ, ვისაც რამე შეძლება კი აქვს ამერიკულ ვენახს აშენებს.
.
სწავლა განათლების მხრივ სოფელი სხვებს არ ჩამოუვარდება. გასულ წლამდი ამ სოფელს და მის მეზობელ სოფელს ციხეს ჰქონდა ერთ კლასიანი სამრევლო სკოლა, ეს სკოლა ამ სოფელს ვერ დააკმაყოფილბდა, რომ არ ყოფილიყო ძმათა შარაშიძეების ორ კლასიანი სასწავლებელი სამეურნეო განყოფილებით. წარმოიდგინეთ მაშნაც სავსე იყო ორივე სასწავლებელი.
.
1906 წელს შარაშიძეების სასწავლებელი კრილოვის რაზმმა დასწვა, მეორე 1 კლასიანი სასწავლებელი სოფელმა ციხემ დაისაკუთრა. სოფელი საყვავისტყე კი სრულიად უსკოლოდ დარჩა. წრეულს სოფელმა გადასწყვიტა რაც უნდა დასჯდომოდა უნდა აეშენებინათ ორ კლასიანი სასწავლებლისათვის შესაფერი შენობა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რამოდენიმე პირის წყალობით სისრულეში არ მოვიდა; უბრალო მიზეზის გამო, საშუალო ადგილის გამონახვის სოფელი ორად გაიყო და ცალცალკე შეუდგნენ სკოლის აშენებას. ორათ გაყოფილი სოფელი სკოლას ვერ გაუძღვება და უმჯობესი იყო შეერთებულის ძალით აეშენებინათ ორკლასიანი სასწავლებლისათვის შენობა და არა ორი თითო კლასიანი ერთ სოფელში. მეტადრე საეჭვოა, რომ ორივეს გაუწიოს მთავრობამ დახმარება.
.
სოფლის ერთ ნაწილს, რომელშიდაც სამოცი კომლი შედის და ათას ორასი მანეთი უჯდება მარტო შენობა, დაპირდა დახმარება და შუამდგომლობა მთავრობასთან ხაზინის ჯამაგირით ამ სოფლის მცხოვრებმა პროფესორმა ნიკო მარრმა, რომლიც წელს ს. საყვავისტყეს თავის სახლში რამდენიმე კვირით დარჩა. პროფესორის დაპირებამ ძალიან დააიმედა ხალხი და უფრო ენერგიულად მოკიდეს შენობის დასრულებას ხელი.
.
გაზეთი „მომავალი“ 1909 წელი 10 ოქტომბერი #36
ავტორი: გიზო
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა