ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონელი ექიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას ნუ ახდენენ.
“მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.
სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.
სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა. დროა ბოლო მოეღოს კაგებეშნიკური მეთოდებით ქვეყნის ნგრევას”, – წერს ის.
14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.
პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.