ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისთვის სპეციალური თერაპიის კურსი გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის  სპეციალური თერაპიის  კურსი გრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“, ინიციატივის მხარდამჭერი კომპანია ბახვი ჰესი, რომელიც აფინანსებს მოცემულ ინიციატივას, პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც პროექტში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია  სპეციალური თერაპიული ჯგუფური მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისათვის  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტრენინგს უძღვება „ფსიქოთერაპიული სივრცის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი  ნინო კერესელიძე.

„ორგანიზაცია ქალები ქალებისთვის“ აკეთებს ჯგუფურ შეხვედრებს ქალბატონებისთვის, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები. უკვე 5 შეხვედრაგაიმართა. ლექციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა, როგორ უნდა მოხდეს სტრესის დაძლევა, ემოციების მართვა და სირთულეებთან გამკვლავება. დღევანდელ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, რომლებიც ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე, იგრძნონ საკუთარი თავი არა მარტო და განყენებულად, არამედ დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ და დაინტერესებული არიან მათი ემოციური მდგომარეობით.

პარალელურად, ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთან. კერძოდ, ვაკეთებთ სხვადასხვა თამაშს, ვხატავთ, რათა დედებს მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ ჩართულები იყვნენ პროცესში“,- განაცხადა ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ.

„ეს პროექტი ჩვენი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. ფსიქოლოგის კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგების ფარგლებში მშობლები ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, შთაბეჭდილებებსა და პრობლემებს“,- განმარტა პროექტის მონაწილე მშობელმა, ცისია ბერძენიშვილმა.

„ბახვი ჰესი, აღნიშნულ პროექტს კომპანიის სოციალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. გარდა ამისა, ზოგადად, ჩვენი სოციალური პროგრამა ასევე მოიცავს შშმ პირების დახმარების კომპონენტსაც. მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მშობლების გაძლიერება, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სამწუხაროდ, შშმ პირები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო და სრულყოფილ რეალიზებას. ეს პრობლემა კი, განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის სარგებელი, რაც ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს რეგიონისთვის მოაქვს, თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს საზოგადოების ყველა თანაბარუფლებიან წევრზე, სწორედ ამ მიზნის მიღწევაა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და სწორედ ამ მოტივით ვახორციელებთ ჩვენს სოციალურ პროექტებსაც. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფსიქოთერაპიული კურსის ინიციატორს, პირველ რიგში, მსგავსი სარგებლის მომტანი პროგრამის შემუშავებისთვის და ასევე იმისთვის, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართვის საშუალება მოგვეცა“, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული კურსი ერთ წლიანი პროექტია. 2023 წლის განმავლობაში კი სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share