კომპასი არეული გვაქვსო რომ ვთქვა, რბილი შეფასება იქნება – საერთოდ დაკარგული გვაქვს. შედეგს ქვეყნის შიგნითაც ვიმკით და გარეთაც. საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მონარქები სამეფოს და საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად უცხო ეთნოსს იყენებდნენ. ყველაზე მასშტაბური და წარმატებული პროექტი დავით მეოთხის მიერ ყივჩაყების ჩამოსახლებაა. შედეგი – ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ისტორიული პიკი და რეგიონულ იმპერიად ფორმირება.
კობახიძის მიერ ქაჯებად მოხსენიებულ ახალი ქართული რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებს: გამსახურდიას, კოსტავას, შევარდნაძეს, ჟვანიას თუ სააკაშვილს, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ერთი რამ აერთიანებდათ: სუვერენული ერის ლიდერების პასუხისმგებლობა, მისიის შეგრძნება – გაეძლიერებინათ ქართული სახელმწიფო და გაემყარებინათ მისი სუვერენიტეტი. მათ შორის მათი დიდი დამსახურებაა 32 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული და საზოგადოებაში ეროვნულ კონსენსუსად ქცეული პროდასავლური ორიენტაცია და მასზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან – შტატებთან და ევროკავშირთან.
წინა თაობების მიერ განსაზღვრული გეზის სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს “კომპასდაკარგული” ოცნება: კარს ფართოდ უღებს არათუ უცხო, არამედ მტრულად განწყობილ, იმპერიული ამბიციების მატარებელ ეთნიკურ ჯგუფს და ხელს უწყობს ფინანსურ და ეკონომიკურ რესურსებზე მათ წვდომასა და დომინანტად ქცევას. ცხადია ეს სახელმწიფო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად არ კეთდება, პირიქით, მისი დათმობისა და დასუსტების ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული.
მეტიც, ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს იმ ფუნდამენტს, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას და რომლის შექმნაც, მათ მიერ ქაჯებად მოხსენიებული არამარტო პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით სამხედროების, თუ სხვა პროფესიის პატრიოტების სისხლის და მრავალწლიანი შრომის შედეგია. სანაცვლოდ გვთავაზობს კონცეფციას, რომლითაც დასავლური პოლიტიკური ცენტრები დაუძინებელ მტრად და დასავლური კულტურა და ცხოვრების წესი საფრთხედ ცხადდება.
პარალელურად, ინსტიტუციურ დონეზე ხდება დასავლურ სამყაროსთან დაახლოებისთვის აუცილებელი პირობების იგნორირება და იქმნება ალიანსები, რომლებიც სრულ გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანთან. ქვეყანა თეორიულად და პრაქტიკულად შეუთავსებელ მოცემულობაში შედის. ეს ეხება არა მხოლოდ რუსულ დათვთან ჩახუტებას, არამედ ჩინურ დრაკონთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის რანგში აყვანას. საუბარი რომ მხოლოდ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ან მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობაზე იყოს – სარგებელზე უფრო ვისაუბრებდით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი და იზოლირებული რუსეთის ფონზე, ამ ფუნქციის შესრულება და ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება მისასალმებელი იქნებოდა.
სტრატეგიული პარტნიორობა სულ სხვა დონის, ფუნდამენტური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას გულისხმობს, რაც ავტომატურად ვაშინგტონთან და ბრიუსელთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოსვლას ნიშნავს. აი როგორც წყალი და ზეთი ვერ შეერევა ერთმანეთს, ისევე წარმოუდგენელია ვაშინგტონისა და პეკინის გეოპოლიტიკური პაექრობის პირობებში ჩინეთთან და დასავლურ სამყაროსთან ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორობა. თუ ამერიკისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ფუძემდებლურ დოკუმენტებს ჩავხედავთ, ნათლად ჩანს რომ ჩინეთი, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლური, დემოკრატიული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამის გაუთვალისწინებლობა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ან მის სრულ არაკომპეტენტურობაზე, ან სრულიად გააზრებულად, კონსტიტუციით გამყარებული დასავლური პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობაზე მეტყველებს, რაც ქვეყნისთვის სრული კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.
ჩვენ რომ დღეს დემოკრატიული და პროდასავლურად განწყობილი, სტრატეგიული ხედვის მქონე ხელისუფლება გვყავდეს, დასავლეთი კი ბევრად ძლიერად და მყარად იყოს აქ წარმოდგენილი, ეს “ჩინური თამაშები”, ტექნიკურ-დიპლომატიური მანევრის სიბრტყეში შეიძლებოდა განგვეხილა:”…მოდი ვაშინგტონი და ბრიუსელი ცოტა ვაეჭვიანოთ ალტერნატივების ჩვენებით და მეტი გამოვტყუოთ”… თუმცა, ამჟამად გვაქვს მოცემულობა, როდესაც 11-წლიანი რუსული მმართველობის შედეგად საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს თანმიმდევრულად უქრობს რეგიონში საკვანძო და სანდო პარტნიორად საქართველოს აღქმის შესაძლებლობას. ივანიშვილის მთავრობა რიტორიკით, გადაწყვეტილებებითა თუ ნაბიჯებით უწყვეტად აზიანებს ნდობას და აგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს დასავლეთთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის რაღაც გაურკვეველი რუსულ-აზიური მენტალიტეტის ხალხით დასახლებული ტერიტორია, რომელიც ვაშინგტონთან და ბრიუსელთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სრულიად გამოუსადეგარია და მზადაა არა “ლიბერალურ დემოკრატიული თავისუფალი სამყაროს”, არამედ “ავტოკრატიული ინტერნაციონალის” ორგანულ ნაწილად იქცეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ ვართ იმ ფორმაში, რომ დასავლეთი მსუბუქად ვაეჭვიანოთ, ისედაც სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდება, არჩევნების შედეგად დავამტკიცოთ, რომ მათი სანდო პარტნიორობა ქართველების ისტორიული არჩევანია და არა ცალკეული ჯგუფების ახირება. ამიტომ, ნებისმიერი, ვინც ამ კონტექსტში ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დადებით პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას, ან ძალიან გულუბრყვილოა, ან მოსახლეობის იმ ნაწილის ფუჭ მოლოდინს კვებავს, რომელიც ხავსს ეჭიდება და ივანიშვილის რუსული ხელისუფლების “მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის” შესახებ ბოდვებს სერიოზულად აღიქვამს.
პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ კომპასდაკარგული მთავრობის ფლირტი პეკინთან ერთგვარ კონფლიქტში მოდის “დიდ პოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გაურევლობის” ოცნებისეულ კონცეფციასთან და რუსეთის ინტერესებთანაც, რომელსაც საქართველო უკვე საკუთარ დომინიონად მიაჩნია და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს – ჭორვილელი მარიონეტის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არაფერში სჭირდება. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს კიდეც მაპროვოცირებელი ფაქტორი მოსკოვისთვის, რომ ამ მარიონეტული ხელისუფლებით არ დაკმაყოფილდეს და თბილისზე კონტროლის სრული პაკეტის მოსაპოვებლად ნაბიჯები გადადგას. ამის ნიშნებსაც ვხედავთ – პუტინის რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებისა და ქართველი პატრიოტების პროვოცირებისთვის რა იქნებოდა იმაზე გამომწვევი აქტი, ვიდრე რუსულ გემბანზე გადმომდგარი “დერჟიმორდა”, უხამსი ჟესტებით და რუსეთის სკანდირებით.
ასეა თუ ისე, ფაქტია – საქართველოში რუსული მთავრობის წინააღმდეგ, პროდასავლური, თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტების მობილიზებისთვის არგუმენტები საძებნელი აღარ არის. 2024 წლის არჩევნები არის კალენდარული სამიზნე, თუმცა პროცესები ისე ჩქარდება, “კომპასდაკარგული ქაჯობის” იმდენი სიურპრიზის მოწმე ვხდებით და იმდენი მოულოდნელი ფაქტორი შემოდის თამაშში, რომ პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ბრძოლისა და მობილიზაციისთვის მზად უკვე ნებისმიერი მომენტისთვის უნდა იყოს.