სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა… სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.
“ქალბატონო ქეთი!
საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით გილოცავთ მწერალთა სახლის დირექტორობას.
გისურვებთ წარმატებებსა და ულევ სიხარულს ქართველ მწერალთა საკეთილდღეოდ.
იმედია, იქნებით მწერალთა კავშირის მხარდამჭერიც, იმ დიდი ისტორიული ორგანიზაციის, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის და რომლის რჩეული წევრი და თავმჯდომარე მამათქვენი – ნოდარ დუმბაძე ბრძანდებოდა.
საუკეთესო სურვილებით,
მაყვალა გონაშვილი”, – წერია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გვერდზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურად სხვადასხვა პოზიციაზე მყოფმა პირებმა ”კვირის პალიტრასთან” ისაუბრეს:
თამარ ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი:
”თავის ცხოვრების გზას ყველა თვითონ ირჩევს და, ალბათ, ქეთიმაც აირჩია… ვფიქრობ, რომ მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ქეთის უკვე ჰქონდა არჩევანი გაკეთებული. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსული კანონის მიღების დროს მისი პოზიცია და დღევანდელზე ამიტომაც კომენტარს ნაკლებად გავაკეთებ! დღეს უკვე რა პოზიცია აქვს, ვის, სად დანიშნავს, დიდად მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს არის გაგრძელება იმ პოზიციისა, რა პოზიციაც მას უკვე არჩეული აქვს…
დღევანდელი მისი თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მისი პოზიცია, საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ დავაფიქსირე. ჩემთვის ამას აქვს მნიშვნელობა, როცა საქართველოსთვის გადამწყვეტი, საკვანძო მომენტებია და მე ვფიქრობ, რომ ჩემი, საქართველოს კონსტიტუციის გადმოსახედიდან (კონსტიტუციას ვიშველიებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესია, რაც კი ადამიანებს სახელმწიფოში გაგვაჩნია), მან სახელმწიფოებრივი პოზიცია არ აირჩია…. დღეს მას მწერალთა კავშირში დანიშნავს ვიღაც წულუკიანი თუ კიდევ სადმე სხვაგან, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს! რუსულ კანონს ხელი დააჭირა და მე მივმართე კიდეც მაშინ… რუსული კანონი იყო, თავის მართლება მანდ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ფეხზე დადგა მაგ კანონის გამო…
მან აირჩია რუსული კანონი და ეს თანამდებობა მისი პოზიციის რაღაცნაირი გამყარებაა. რა პოზიციაც მას სახელწიფოებრივად აქვს… თეა წულუკიანის, სოსო ჭუმბურიძის გვერდით, მისი გადაწყვეტილების შემსრულებლად არ გამეხარდებოდა ქეთი დუმბაძე ყოფილიყო, მაგრამ ვიმეორებ, რომ ყველა ადამიანს თავის არჩევანი აქვს.
ქეთი დუმბაძის არჩევანია – არაქართული “ოცნება”!
იოსებ ჭუმბურიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი:
”საუკეთესო გადაწყვეტილებაა – ქეთის პიროვნული თვისებების, შემოქმედებითი და საორგანიზაციო უნარების, კონტაქტების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება იქ არსებული უმძიმესი ვითარების შეცვლა. წარმატებას ვუსურვებ! მჯერა, არ შედრკება და ყველა სირთულეს დაძლევს. ჩემი აზრით, პრინციპული და არა მხოლოდ სიმბოლური აქტით უნდა დაიწყოს: „სასვენიაში” გადამალული ილიასა და აკაკის პორტრეტები კუთვნილ ადგილს უნდა დაუბრუნოს.
ცნობილ მწერლებს რაც შეეხებათ, მაგათ მხოლოდ ისტერიკის ატეხვა შეუძლიათ. ვერც კი ხვდებიან, რომ უნუგეშოდ კომიკურები გახდნენ. „ოდეერადაც” ხომ არ გამოუცხადებიათ? ალბათ, გამოაცხადებენ.
ამათგან განსხვავებით, ქეთი დუმბაძეს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს: არ ამბობს, მწერალი ვარო. მწერლები ნატაშა და ეგენი არიან.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, იქ კომკავშირზე უარესი იყო! მჯერა, მწერალთა სახლში კოტე მაყაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, პაოლოს, ტიციანის, ლადო ასათიანის, აკაკი გაწერელიას, ანა კალანდაძის სული (ვაზოგადებ) დაბრუნდება.”
კვირის პალიტრა