უკვე 9 წელი გავიდა ოზურგეთის კოლორიტის, ანსამბლ “ედელვაისის” ხელმძღვანელის იური ჩიხლაძის გარდაცვალებიდან. “კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”, კაცი, რომელსაც ცრემლის გარეშე დღესაც ვერავინ იხსენებს. გარდა იმისა, რომ ის იყო ნიჭიერი მუსიკოსი, ასევე წერდა არაჩვეულებრივ ლექსებს, ქმნიდა ულამაზეს ნახატებს და ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი.
“იური ძალიან ახალგაზრდა იყო, მგონი 22 წლის, როცა ანსამბლი “ედელვაისი” ჩამოაყალიბა. დიდი წარმატება ჰქონდა, ევროპის უამრავ ქვეყანაში ვიყავით გასტროლზე”-იხსენებს იური ჩიხლაძეს მისი მეგობარი, შოთა ცხომელიძე.
რომელიც მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ისტორიასაც გვიყვება. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ფოტოს ამბავსაც-“კაცი მხარზე ჩიტით”.
“ზამთარი იყო, იური სამსახურში მოვიდა, შენობის შემოსასვლელში ჩიტი ეგდო იატაკზე, გაყინული, სისხლიანი. შემოიყვანა ოთახში, გაათბო, მოუარა. მას მერე ის ჩიტი სულ მის მხარზე იჯდა, ყველგან დაყვებოდა. ერთხელ სოფელ ჭანიეთში მივდიოდით საქეიფოდ. ჩიტი ოზურგეთში დავტოვეთ და იქ რომ მივედით ჭიშკართან დაგხვდა. როცა იური გარდაიცვალა რამდენიმე დღე დაფრინავდა სამსახურთან, ეძებდა, მერე ჩიტიც დაიკარგა”.
“ძალიან ბევრი მაქვს გასახსენებელი, მოსაყოლი, ის ჩემი მეგობარი კი არა, ძმა იყო. ერთმანეთის გარეშე ვერც წარმოგვედგინა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა წარსულში მიწევს მასზე საუბარი”-გვიყვება ბატონი შოთა და მეგობართან შეხვედრის ბოლო დღეებს იხსენებს: “როცა ეს საშინელი ავარია მოხდა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოპერაციის შემდეგ საუბარი აღარ შეეძლო, როცა ოთახში შესულს დამინახავდა, ტიროდა და სულ მახსენდებოდა მისი სიტყვები-“ღმერთო ტანჯვით და წამებით მომკალიო”, ზუსტად ცხრა დღე იწვალა და”…