გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, კალანდა ღამეს ღუმელები და ბუხრები აუცილებლად მისი შეშით უნდა ანთებულიყო და გამთბარიყო, რათა მთელი წლის განმავლობაში კერიას სითბო და ჩაუქრობელი ნაკვერჩხალი დაბედებოდა. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს და ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა შეძახილით: `რა მოგაქვს, რა მოგაქვსო~? მერე სამჯერ კარზე დააკუნებდა, საიდანაც დიასახლისი გამოსძახებდა: `სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო~ და გამზადებულ სუფრას, სხვა წევრებთან ერთად, შემოუსხდებოდნენ. მკაცრად ამუშავებული იყო მეკვლის ინსტიტუტიც. ოჯახი ვისაც მეკვლედ შეასახელებდა კალანდობის მეორე დღეს, 15-ში აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა. `კალანდა, რომაული სიტყვაა და თვის-წლის დასაწყისს ნიშნავს. გურიაში საიდან დღესასწაულობენ კალანდობას ძნელი დასადგენია. მასთან რამდენიმე საინტერესო რიტუალია დაკავშირებული, რომელიც დღემდე დაცული და მოტანილია. ჩიჩილაკსაც გურული კაცი ყოველთვის ყიდულობს და ადრიდანვე იჭერს თადარიგს მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულის ღირსეულად შესახვედრად~. როგორც დამამზადებლები და გამყიდველები ამბობენ, ჩიჩილაკზე, როგორც კალანდობის აუცილებელ ატრიბუტზე, მოთხოვნილება გასულ ორ წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილა. თხილის ტოტებისაგან მოსართავად გამზადებულ ჩიჩილაკს, თავზე სუროსა და კურკანტელასაც ძველი ტრადიციების დაცვით ბარაქის ნიშნად ამატებენ: `ბებიაჩემი აუცილებლად დააყოლებდა სუროსა და კურკანტელას ჩიჩილაკს და როცა სახლში შემოიტანდა, ლოცვას თან დააყოლებდა: `ღმერთმა ბარაქა და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს ოჯახებსო~.
ბუხრები აუცილებლად ცხემლის შეშით უნდა ანთებულიყო-საკალანდო რიტუალები