კანცელარიასთან გომელაურის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება – დააკავეს 2 ადამიანი

მთავრობის ადმინისტრაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომის და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო და პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. მომიტინგეებმა კანცელარიასთან ბანერები წარწერებით: “გადადგეს გომელაური” და “ირაყლი გაადჟვი პარლამენტიდან” მიიტანეს. სწორედ ამან გამოიწვია პოლიციის უკმაყოფილება, რის შემდეგაც შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ბანერები წაართვეს.

მოგვიანებით, მომიტინგეებმა ბანერები დაიბრუნეს და აქცია კანცელარიასთან გრძელდება.

რაც შეეხება დაკავებულებს, ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს ველოდებით.

***

13 აგვისტოს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

გარდა ამისა, დღეს შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი “გადასამოწმებელია”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share