საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები, დღეს, ფაქტობრივად, დასრულდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ფაქტობრივად, ჩვენ დღეს დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ, ხვალ დავასრულებთ”, – განაცხადა მან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.