აივ ინფექციის გაზრდილი რისკები რუსეთიდან მასშტაბური მიგრაციის ფონზე

რუსეთის ფედერაციიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე საქართველოში აივ ინფექციის დაავადებულთა რაოდენობამ 6%-ით იმატა – „გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა. მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები” – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწშვილმა „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია იმის რისკს ქმნის, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინებამ მოიმატოს.

„რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. იცით, მიგრაცია მნიშვნელოვად არის გაზრდილი და შესაბამისად, იმის რისკია, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს. საკმაოდ ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები

„სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლიოთ ინფიცირებულები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა”,-აღნიშნა ინფექციონისტმა.

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” აცხადებს რომ ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს თუმცა, უნდა შემუშავდეს გარკვეული რეკომენდაციები სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო სამუშაო ჯგუფის მიერ, პრევენციის მექანიზმები და მკურნალობის უზრუნველყოფა.

„ეს არის პირველ რიგში ბიოლოგიური საფრთხე – შიდსი და სხვა ეს არის ბიოლოგიური უსაფრთხოების მიმართულება საქართველოში.

„ეს არის ის, რაც ბიოლოგური უსაფრთხოების და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელობლობის პოლიტიკაში ჯდება და ბიოლოგიური უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული ზომები, უსაფრთხოების მიმართულებით.

„შიდსთან გამკლავება ცოტა რთულია, მაგრამ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს კონკრეტულ ღონისძიებებს. რაც გულისხმობს დარგის სპეციალისტების შეკრებას – თუნდაც, მაგალითად, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელობლობის დარგის სპეციალისტები, ბიოლოგები, ექიმები უნდა შეიკრიბონ და შეიმუშაონ კონკრეტული რეკომენდაციები” – განაცხადა „რეზონანსთან” ვახტანგ მაისაიამ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახლა ეპიდომიულოგიური სიტუაცია საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილურია. საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, დროულად დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

„საქართველო ევროპაში და რეგიონში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად უმკლავდება აივ ინფექციას და ხელმისაწვდომია როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა და არის უფასო.

„აქედან გამომდინარე, საქართველოში არის მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია, თუმცა, როგორც ბოლო სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს წლევანდელ წელს 6%-ით არის გაზრდილი ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც გარკვეულწილად მაინც დაკავშირებულია გაზრდილ მიგრაციასთან.

„რუსეთის ფედერაციაში აივ ინფექციის კუთხით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და აქედან გამომდინარე გაზრდილი მიგრაცია ჩვენს ქვეყანაშიც გარკვეულ საფრთხეებს ქმნის.

„მთავარი არის მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ გადადის ეს დაავადება. არსებობს ამ დაავადების პრევენციის საშუალებები და ეს პრევენცია შეიძლება მოხდეს – შეიძლება გვექნება შეხება ამ დაავადებასთან, ვიცით რომ ის გადადის სქესობრივი გზით და სისხლთან კონტაქტით. გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები, პირველ 48-72 საათში უნდა მივმართოთ შესაბამის დაწესებულებას, სადაც პროფილაქტიკას ჩაგვიტარებენ.

„ასევე თუ გვქონდა შეხება და გასულია გარკვეული დღეები, თვეები, და უკვე აზრი არა აქვს პროფილაქტიკას, მაშინ უნდა ვიცოდეთ რომ დაახლოებით 6 კვირიდან 12 კვირის განმავლობაში უნდა ჩავიტაროთ ამ დაავადების სკრინინგი და ტესტი, რადგან ცალკეული გამოვლენა ასევე ხელს შეუწყობს, რომ მართვა მოხდეს სრულფასოვნად და არ მოხდეს დაავადების პროგრესი.

„ამ ეტაპზე გვაქვს ისეთი მოცემულობა რომ არის გარკვეული ზრდა ახალი შემთხვევების, თუმცა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. გავითვალისწინოთ, რომ მაღალი რისკის მატარებლები არიან ჩვენი მეზობლები და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ადამიანები, იმიტომ რომ იქ ბევრად კრიტიკული სიტუაციაა და შესაბამისად, კონტაქტის შემთხვევაში ან დავიცვათ თავი, ან თუ ეს ვერ მოხერხდა მერე დროულად ჩავიტაროთ ტესტირება, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა” – განაცხადა „რეზონანსთან” ალექსანდრე გოგინავამ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share