ნინო პოლტორაცკაია ქართული საგანძურის ერთგული მცველისა და გადამრჩენელის ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე იყო.
ილია ჭავჭავაძის ნათლულმა საყვარელი მამაკაცის გამო არაერთ განსაცდელს გაუძლო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იყო.
თინათინ მღვდლიაშვილი, პოეტი:
“ექვთიმე თაყაიშვილის თანამეცხედრე. ნინო პოლტორაცკაია – დიდი ქალბატონი!
ნინა გრაფის მშვენიერი ქალიშვილი იყო, ილია ჭავჭავაძის ნათლული, მას თავდავიწყებით შეუყვარდა ექვთიმე, ცოლად გაჰყვა, გაინაწილა მეუღის ყველა განსაცდელი: შიმშილი, სიცივე, ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ექვთიმე თაყაიშვილისა და საქართველოს ერთგული.
ნინას ძალიან უყვარდა იები და ამიტომ გვთხოვა ქართველებს ექვთიმე თაყაიშვილმა, რომ ოდესმე საქართველოში გადმოგვესვენებინა ნინა და მის საფლავზე, ხანდახან, ლურჯი იები მიგვეტანა… სულ ეს გვთხოვა უდიდესმა მამულიშვილმა, საქართველოსთვის თავშეწირულმა ერისკაცმა, ბოლშევიკებისგან წამებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა!
პატივი მივაგოთ დიდ ქართველ მამულიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს და მის ულამაზეს, უნაზეს მეუღლეს, ნინოს, რომელსაც პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსერვატორია, შესანიშნავი პიანისტი გახლდათ, მაგრამ ემსახურა ყველაზე მშვენიერ მელოდიას დედამიწაზე – სიყვარულს!”