უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო სტრუქტურების და არა ეპიდემიოლოგების მხრიდან და ბიზნესს მიეცეს მუშაობის უფლება – ამის შესახებ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
ივა ჭყონია ამბობს, რომ მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო პილიტიკას და არა ეპიდემიოლოგები. ,,ახლა ერთადერთი და მთავარი გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის ტრანსპორტის შეზღუდვაა, რაც გვიზრდის თანამშრომელთა გადაადგილების ხარჯს. ეს არის სექტორალურად ჩვენი პრობლემა. თუმცა, ჩვენ ვართ იმ ძალიან დიდი ჯაჭვის ნაწილი, რომლის შეზღუდვებიც საბოლოოდ ჩვენს ბიზნესზე აისახება. ჩვენ გვაქვს ქსელიდან ამოსაღები კოლოსალური თანხები და თითოეული ბიზნეს ოპერატორის გაჩერება ჩვენთვის არის მომაკვდინებელი პრობლემა. თუ ფული ვერ ამოვიღეთ, როგორ განვაგრძობთ ფუნქციონირებას? უკვე აღარაა მთავრობასთან შეღავათებზე საუბარი, მხოლოდ მუშაობის უფლებას და გასაქანს ვითხოვთ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ბიზნესის კეთების გამოცდილება და ამას ვაკეთებთ ახლაც. ძალიან მარტივია, მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო პოლიტიკას და არა ეპიდემიოლოგები, არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ ისინი (ეპიდემიოლოგები) ასე თვლიან და ვერაფერს შეცვლიან სახელმწიფო უწყებები “,- აცხადებს ჭყონია.
მისივე თქმით, ბაზარი სადისტრიბუციო კომპანიებს ჯერ არ დაუტოვებიათ, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქციას გაყიდვიდან იღებენ.
,,გამომდინარე იქედან, რომ დენი და გაზი დასუბსიდირებულია რაღაც სექტორებისთვის, იქ ფასის მატება არ მომხდარა, თუმცა რიგ წარმოებებს, უკვე დაეტყო ფასის მატება. მსყიდველუნარიანობა ისედაც დავარდნილია და ნებისმიერი ფასის ცვლილება კომპანიებისათვის იქნება დამღუპველი. ჯერჯერობით ბაზარი არ დაუტოვებიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა უკვე მოუწიათ ძვირად ღირებულ ბრენდულ პროდუქტზე უარის თქმა და გაყიდვიდან ამოღება. ჩემგან არ იქნება სწორი ამ კომპანიების დასახელება, თუმცა ეს ინფორმაცია უტყუარად მაქვს. ამონაშთვაზე არიან მესამე-მეოთხე კატეგორიის პროდუქტების, რადგან დაბრუნებაა ძალიან დიდი. დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან მიღება უწევს. 2020 წლის მონაცემები რომ გამოქვეყნდება სექტემბერში, მონაცემები იქნება ძალიან მძიმე, ეს უკვე ფაქტია“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
https://www.bpn.ge