ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე უარყოფს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმა ქართული ოცნების ორგანიზებული იყო.
ის ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს “საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა”.
“ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ ქართული ოცნების წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება… სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ქართული ოცნების წევრები იდგნენ იქ განზრახ. კვირა დღეა და ამ დღეს მთელი ჩოხატაური ჩადის.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი”, – ამბობს მერი იმედთან.
დღეს, 3 აგვისტოს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თავად ჩიგოგიძე ამას უარყოფს.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.