”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურში ჩავიდა, სადაც დღეს პარტიის წევრებს ბუკლეტების დარიგებისას თავს დაესხნენ.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბუკლეტებს ხვალ დაარიგებენ. მისი თქმით, ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას არ დაუშვებენ.
“რუსი ჩიგოგიძის დავალებით, რომელმაც “რუსულ კანონსაც” ხმა მისცა, გურულებს, ჩოხატაურელებს ართმევს ნოდარ დუმბაძის სკვერს და ამას ბედავს. ამასობაში, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები ამის წინააღმდეგ იბრძვიან და დღეს საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ ჩოხატაურში, სადაც ლაჩრულად მიუვარდნენ ჩვენს ლიდერებს. ყველამ ნახა ეს კადრები ტელევიზიით, მე ვთქვი ორ საათზე, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი ჩოხატაურში, მოვუწოდე ამ ლაჩარ ადამიანებს ჩხუბი რომ დაიწყეს ახლა სად არიან, არცერთი არ ჩანს ახლა აქ, ხვალ აუცილებლივ დავარიგებთ ბუკლეტებს ჩოხატაურში ორ საათზე, ველოდებით ადგილობრივებს.
მნიშვნელოვანია ყველამ კარგად უნდა იცოდე, რომ პირველი – გამოძიებას ჩვენ არ ველოდებით თუმცა ყველა პროცედურას გავივლით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ხელისუფლება შეიცვლება ეს ადამიანები დაისაჯონ. მეორე – ამ საინფორმაციო ბუკლეტებს აუცილებლად გავავრცელებთ და ყველას გავაგებინებთ, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს აუქმებენ ჩოხატაურში და მესამე – ჩვენ ვიბრძოლებთ, ფიზიკურად მათ შორის, რომ თუ მაინც გაასხვისებენ ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ნოდარ დუმბაძის სკვერს როგორც კი სამშენებლო მოქმედებს დაიწყებენ, ამიტომ ჩვენ ხვალ ჩოხატაურში გვექნება კამპანია, სადაც ადგილობრივების ინფორმირებას უზრუნველვყოფთ.
ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი პატარა მინიგარქის – ჩიგოგიძის მეშვეობით ფეოდალურ წყობილებაში ამყოფებენ გურულებს, გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის “დათრევაც” სურთ. ყველაფერი ხომ “დაითრიეს” და ახლა გადაწყვიტეს, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერიც მიისაკუთროს რუსმა ჩიგოგიძემ, არ გამოვა ასე და მათ შორის ფიზიკურად თუ მოგვიწევს ამის დაცვა, აუცილებლად დავიცავთ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
დღეს, 3 აგვისტოს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თავად ჩიგოგიძე ამას უარყოფს.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.