უკვე ერთი კვირაა, რაც ოზურგეთის მე-2-ე საჯარო სკოლის მეოთხე “დ” კლასში გაკვეთილები არ ტარდება.
მეოთხე კლასის “დ” ჯგუფის 17 მოსწავლე პროტესტის ნიშნად სკოლაში არ დადის. მოსწავლეები სკოლის პედაგოგის და მათი კლასის დამრიგებლის, ნანა ჯინჭარაძის სკოლიდან გაშვებას აპროტესტებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის წინ, მოსწავლეების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სკოლიდან უსამართლოდ გაშვებული ნანა ჯინჭარძის სკოლაში დაბრუნებაა. ისინი თვლიან, რომ პედაგოგს, რომელიც 22 წელიწადია ამ სკოლაში მუშაობს, განათლების სამინისტრო, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მეორე საჯარო სკოლის დირექცია უსამართლოდ მოექცა.
მშობლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ნანა ჯინჭარაძეს პედაგოგის სტატუსი არ აღუდგა, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.
ჩვენ გავესაუბრეთ მშობლებს, ასევე, გვსურდა სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა კოვიდრეგულაციების მომიზეზებით, სკოლაში არ შეგვიშვეს, ხოლო ჩვენთან შესახვედრად სკოლის შენობის მისაღებში ადმინისტრაციის არც ერთი წევრი არ ჩამოვიდა.
ნანა ჯინჭარაძე,მეორე საჯარო სკოლის, მეოთხე “დ”კლასის ხელმძღვანელი – ” 17 იანვრის შემდეგ სკოლაში არ მოსულან ბავშვები, მიზეზი არის ის, რომ ითხოვენ მასწავლებლის დაბრუნებას. დამითხოვეს იმიტომ, რომ გვთხოვენ, მასწავლებელი უნდა იყოს სერთიფიცირებული , პროფესიული უნარებ ჩაბარებული, დაგროვილი მაქვს 19 კრედიტ ქულა, ადრე როგორც ითხოვდნენ.მაგრამ არ მქონდა კომბინირებული საგანი ჩაბარებული, რომელიც ძალიან რთულია დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის, არარელევანტურია და ამის საფუძველზე გამომიშვეს სკოლიდან, რადგან მე არ მქონდა ეს გამოცდა ჩაბარებული. იყო შესაძლებლობა, რომ გამოეჩინა კეთოლი ნება დირექტორს დავეტოვებინე, მაგრამ ეს არ ქნა. რამდენად შესაძლებელია, არვიცი, მაგრამ მეძლევა შესაძლებლობა ზაფხულში გავიდე, მაგრამ რამდენად შანსია, მერე სკოლაში დაბრუნების, ეს არ ვიცი. არაფერს არ მეუბნებიან, მომცეს ბრძანება, რომელიც უკვე წამოვიღე, ამ ბრძანებას ხელს აწერს სკოლის დირექტორი. განათლების სამინისტროს საფუძველზე მიიღო დირექტორმა ეს გადაწყვეტილება. ჩემს ადგილზე მოყვანილია სხვა მასწავლებელი. მე ძალიან შეშფოთებული ვარ ბავშვების გამო, რომლებიც სკოლაში არ გამოცხადდენ, იმიტომ რომ ითხოვენ დავუბრუნდე და ვასწავლო . მე როგორც ვიცი და ინფორმირებული ვარ, შეეძლო სკოლის დირექციას 9 საათი დაეტოვებინა ჩემთვის და კლასის დამრიგებლობა, მაგრამ დირექტორი მეუბნება, რომ ასეთი საბუთი არ არსებობსო. ოცდამეორე წელია ამ სკოლის პედაგოგი ვარ”. აცხადებს ნანა ჯინჭარაძე.
“ვითხოვთ, რომ ეს ხუთი თვე ნანა მასწავლებელი დარჩეს ჩვენს ბავშვებთან, დააბრუნონ სკოლაში და გაყვეს წლის ბოლომდე. პირველი კლასიდან ნანა მასწავლებელია და გვინდა , რომ მეოთხე კლასიც დაამთავრებინოს ნანამ. ბავშვებს გულის ტკენა გაუქარწყლონ ნანას დაბრუნებით სკოლაში.ბავშვები არ დადიან სკოლაში, იმიტომრ რომ ნანა მასწვალებელს ვუდგავართ გვერდში, სანამ ნანა სკოლაში არ დაბრუნდება. თუ ნანა არ დაბრუნდა სკოლაში, სხვა გზებს მივმართავთ. 17 იანვრიდან დღემე ვართ ასე. არცერთი მოსწავლე არ წასულა სკოლაში”- ამბობს ჩვენთან საუბრისას მშობელი თებრონე ქილიფთარი.
“ნანა მასწავლებელი დაბრუნდეს თავის სკოლაში, მე ბებია ვარ ერთ-ერთი მოსწავლის-სეფისკვერაძე საბას, დირექტორს არ გავსაუბრებივართ, არ დადიან ბავშვები სკოლაში და იმ ბავშვებთან ერთად ჩვენც ვართ, იმიტომ,რომ იმ სკოლის მოსწავლეა ჩემი შვილიშვილიც. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ნანა მასწავლებელი დააბრუნონ. გაშვების მიზეზი არ ვიცით ჩვენ”– მოსწავლის ბებია, ცირა თავბერიძე.
“ანალოგიუირი მოთხოვნაა ჩემიც, რომ ნანა მასწავლებელი დაგვიბრუნდეს. არავისთან შეხვედრა არ გვქონია, განცხადება გავაკეთეთ და მივიტანეთ დირექტორთან.პასუხი უარი იყო. ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს დირექტორს. ნანა მასწავლებლის სკოლაში არ დაბრუნების შემთხვევაში, ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია და მივმართავთ სხვა ხერხებს”-მშობელი ,ელენე ხვედელიძე.
“ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ მე თბილისიდან გადმოვიყვანე ბავშვი, მეორე კლასში დავსვი მეორე საჯარო სკოლაში ნანა ჯინჭარაძესთან. ბავშვს არ შეეძლო ელემენტარული წერა-კითხვა, დარღვეული ჰქონდა ქცევის კორექცია, ნანამ გააკეთა იმდენი, რომ ჩემი ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან და ბავშვს შეუძლია ეხლა ელემენტარული წერა-კითხვა. ბავშვი, რომელიც “ი”-ს და “ა”-ს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა მეორე კლასში, ისე დავსვი ნანა ჯინჭარაძესთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე, როგორც მშობელს გამიჩნდა პროტესტი იმის მიმართ, რომ მოექცნენ მასწავლებელს უსამართლოდ. ჩემი და ყველა მშობლის მოთხოვნა არის ის, რომ ეს ხუთი თვე მაინც, რადგან ბავშვები პროტესტს აცხადებენ, ტირიან სახლში, გვინდა ნანა მასწავლებელი დაბრუნდეს, ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ეს ხუთი თვე, რაც დარჩენილი იყო გაეთვალისწინებინათ ელემენტარული ბავშვების მდგომარეობა, მშობლების მდგომარეობა და დაეტოვებინათ ეს ადამიანი მაქსიმუმ ხუთი თვე. დარჩენილიყო სკოლაში და გაეგრძელებინა თავის ბავშვებთან ერთად ურთიერთობა და ხუთი თვის შემდეგ ჩააბარებდა თუ ვერ ჩააბარებდა, ამ ყველაფრის მერე მოხდებოდა ეს ყველაფერი . თუ ამ შემთხვევაშიც არ მოგვარდება ეს მდგომარეობა ვაპირებთ და დაგეგმილიც გვაქვს მშობლებს, საპროტესტო აქციას”-მშობელი, გულო სალუქვაძე.
“არ ვიცი დირექტორი არის თუ არა ადგილზე. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე , გარდა მოსწავლისა და პედაგოგისა, უცხო პირის შემოსვლა შენობაში არ შეიძლება. მშობლები ეხლა შევიდნენ, მათ ვიზიტი ჰქონდათ დაგეგმილი და იმიტომ. თუ ვიზიტი არ არის გაფორმებლი, შესვლა არ შეიძლება. დირექტორს ვესაუბრე და დაკავებულია, დაელოდთ და გაგცემენ პასუხს. სხვა ინფორმაცია მე არ ვიცი”-გვითხრა სკოლის მისაღებში მდგარმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც კოვიდუსაფრთხოების ზომების გატარებაზე იყო ორიენტირებული.