რატომ არის შავი ზღვა შავი?
მეცნიერებისთვის შავი ზღვის 20-ზე მეტი დასახელებაა ცნობილი. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ნაკლებად იყო შესწავლილი, ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან, ძველი ბერძენი ზღვაოსნები მას “პონტოს აქსინოსს” უწოდებდნენ, რაც არასტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს. თანდათანობით ათვისების შემდეგ სახელწოდება შეიცვალა და მას უკვე “პონტოს ევქსინოსს” ანუ სტუმართმოყვარე ზღვას უწოდებდნენ. მე-9 საუკუნიდან არაბები “რუსეთის ზღვას” ეძახდნენ, მე-15 საუკუნიდან კი თურქები-ყარადენიზს (შავი ზღვა).
დღეს მას უკვე შავი ზღვა ეწოდება. რატომ? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელივანი პასუხი მეცნიერებს არ აქვთ.
ერთი ვერსიით, შავი მას იმიტომ ეწოდა, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი (მაგალითად ღუზა), რომელიც ზღვის სიღრმეში ხვდებოდა, შავი ფერის ნადებით იფარებოდა, რაც ზღვაში გოგირდწყალბადის დიდი რაოდენობით არსებობაზე მეტყველებს. სხვა ვერსით, ასეთი სახელი ზღვას რთული ნავიგაციის გამო ეწოდა.
მკვდარი სიღრმეების ზღვა
შავი ზღვის კიდევ ერთი დასახელება საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს-“მკვდარი სიღრმეების ზღვა”. შავი ზღვა ორ დონედ იყოფა. 150-200 მეტრზე მეტ სიღრმეზე აქ პრაქტიკულად არ არის სიცოცხლე, წყლის სიღრმისეულ შრეებში გოგირდწყალბადის დიდი რაოდენობით არსებობის გამო.
თავისი არსებობის მანძილზე შავ ზღვაში დაგროვდა მილიარდ ტონაზე მეტი გოგირდწყალბადი, რომელიც ბაქტერიების ცხოველმოქმედების შედეგია.
ერთი ვერსიით, თვითონ შავი ზღვის გაჩენა (7500 წლის წინ) დაკავშირებულია ოდესღაც მის ადგილზე მდებარე ტბის, მტკნარი წყლის ბინადრების მასიურ განადგურებასთან. ამის შედეგად მის ფსკერზე დაიწყო გოგირდწყალბადისა და მეთანის დაგროვება. თუმცა ერთიანი აზრი გოგირდწყალბადისა და მეთანის დიდი რაოდენობით წარმოშობის შესახებ მეცნიერებს არ აქვთ. შავი ზღვის გოგირდწყალბადის რაოდენობა 3, 1 მილიარდი ტონაა. ბოლო წლების გამოკვლევები უფლებას გვაძლევს შავ ზღვას უწოდოთ არა მარტო გოგირდწყალბადის, არამედ მეთანის გიგანტური რეზერვუარი.
სწორედ ლითოსფეროს ფილების მოძრაობის შედეგად მეთანის დეტონაციით აიხსნება უცნაური ფენომენი, რომელიც 1927 წლის 11 სექტემბრის მიწისძვრის დროს მოხდა. ყირიმის ცნობილმა მკვლევარმა, პროფესორ-გეოლოგმა ს.პ. პოპოვმა ასე აღწერა ეს მოვლენა: “…მიწისძვრის დროს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს სამი შუქურის დამკვირვებლებმა შენიშნეს გიგანტური ცეცხლოვანი ზოლი, სევასტოპოლიდან ლუკულის კონცხამდე, ნაპირიდან 55 კმ.-ის დაშორებით”. შემდგომი გამოკითხვებით დადგინდა, რომ ეს აალება არ იყო ერთადერთი, დამკვირვებლების მიერ შემჩნეული იქნა სამი ასეთი შემთხვევა.
შავი ზღვის წარღვნა
ძვ.წ. დაახლოებით 5600 წ., შავ ზღვას უფრო მოკრძალებული საზღვრები ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ამერიკელი გეოლოგების, რაიმანის და პიტმანის თეორიით, ზღვა ადრე მტკნარწყლიანი ტბა იყო, შემდეგ მიწისძვრების შედეგად, ხმელთაშუა ზღვა (რომელიც ადრე ჩაკეტილი ზღვა იყო) შეუერთდა შავ ზღვას, სადაც დიდი სისწრაფით დაიწყო მარილიანი ზღვის წყლის გადადინება. შავი ზღვის დონემ აიწია 140 მეტრით. დღევანდელი ბოსფორის სრუტეზე უზარმაზარი ჩანჩქერი წარმოიქმნა, საიდანაც დაუსრულებლად დაიწყო დინება წყალმა. იგი სიძლიერით 200-ჯერ აღემატებოდა ნიაგარის ჩანჩქერს. ამავე დროს წარმოიშვა აზოვის ზღვა.
შავი ზღვის მოცულობაში მკვეთრად მომატებამ (1, 5-ჯერ) გამოიწვია სანაპირო ზოლის დაუყოვნებლივ დატბორვა.
არსებობს ვერსია, რომ სწორედ ეს მოვლენა გახდა საფუძველი მრავალ ხალხთა კულტურაში საყოველთაოდ არსებული მითის წარმოშობისა წარღვნის შესახებ. ზოგიერთი ისტორიკოსი, ასევე შავ ზღვას უკავშირებს, პლატონის მონათხრობს ატლანტიდის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, შავი ზღვის წყალდიდობამ გამოიწვია ხალხების სრულმასშტაბიანი გადასახლება.
2000 წელს შავი ზღვის სანაპიროს გამოკვლევების, მოლუსკების რადიონახშირბადულმა ანალიზის და წყალსატევის დანალექი ქანების ცვლილებების შესწავლის საფუძველზე, ცნობილი მარინოლოგი, ბალარდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ 7500 ათასი წლის წინ შავი ზღვა აბსოლუტურად მტკნარი იყო, რაც ნაწილობრივ ადასტურებს თეორიას შავი ზღვის გაფართოების და წარღვნის შესახებ.
შავი ზღვის ოქრო
ბოლო გამოკვლევებით, შავი ზღვის წყლები მდიდარია არა მხოლოდ გოგირდწყალბადით, არამედ კეთილშობილი ლითონებითაც, როგორიცაა ოქრო და ვერცხლი. ერთ-ერთი გათვლით, ზღვაში არსებული ვერცხლის წონა 540 ათას ტონას, ხოლო ოქროს წონა -270 ტონას შეადგენს.