საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეშფოთებას იწვევს – ამ სათაურით გამოცემა Le monde მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ პროდასავლელი ლიდერის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივმა გადაყვანამ, ოპოზიციის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეშფოთება გამოიწვია.
სტატიაში ქრონოლოგიურად არის მოთხრობილი, როგორ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივად გლდანის ციხეში, ასევე საუბარია იმ კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე საღამოს შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. მთავრობის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა და მას სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ ესაჭიროებოდათ, თუმცა, ამბობდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
ადვოკატების, ექიმებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულება, ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის პირობებს მის სამკურნალოდ, ამასთან აღნიშნავდნენ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმავე საღამოს პენიტენციურმა დაწესებულებამ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს მესამე პრეზიდენტი ბარგს, უწყება ვიდეოთი ამტკიცებდა, რომ გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალა არ გამოყენებულა.
განსხვავებულ განცხადებას აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი. მასთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და უთხრეს, რომ ის საქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. მანქანიდან ის ძალით გადაიყვანეს და რამდენჯერმე კისერში ჩაარტყეს.
11 ნოემბერს პენიტენციურმა დაწესებულებამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით, გადაჰყავთ. ჩანს მის მიმართ, პენიტენციურის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობაც. კადრების გავრცელებას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
tv mtavari