ფორმულას ინფორმაციით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მთავრობაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს. როგორც ფორმულას წყარო ეუბნება, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გასცა, თავად დაფარონ.
15 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვა დააანონსა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებოდათ.
“ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი.
ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.