“პირადად ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, ადამიანმა ფაქტიურად თქვა, რომ, წინასწარ იცოდა ხელისუფლებამ სკოლაში არსებული სიტუაცია და არანაირი ზომები არ იქნა მიღებული”
უთხრა “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე გოგუძემ, დღეს გამართულ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადების კომენტირებისას.
ოპოზიციონერი დეპუტატი იმედოვნებს, რომ გამოძიება ამ განცხადებით დაინტერესდება და ყველა ის პირი, რომლებმაც საკუთარი უპასუხისმგებლობით ხელი შეუწყვეს ქვემო ნატანების სკოლაში მომხდარ შემთხვევას, დაისჯება.
ცნობისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს, ჭერის ნაწილი ჩამოპინგრა და ორი ადამიანი, მათ შორის ერთი, მძიმედ დაშავდა.
ზემო ნატანების სკოლის დამლაგებელი დღემდე ქობულეთის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით წევს.
ქობულეთში ის ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
კიდევ ერთი დაზარალებული მშობელია, რომელმაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს და საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადის მკურნალობას.
მომხდარზე შსს მ გამოძიება 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ იცოდნენ ქვემო ნატანების სკოლის შენობის სავალალო მდგომარეობის შესახებ.
ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში სწავლებას ორი სკოლა ზემო ნატანების 324 და ქვემო ნატანების 90 – მოსწავლე გადიოდა.
ზემო ნატანების საჯარო სკოლა ქვემო ნატანებში შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გადაიყვანეს, თუმცა ქვემო ნატანების სკოლა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.