იყო და არა იყო რა, იყო ერთი მონადირე, ერთხელ იგი სანადიროდ წავიდა, მიდის გზაზე და რას ხედავს?! რაღაც მზის სადარი დგას წყლის პირას და ანათებს, უყურებს მონადირე გაოგნებული, არ იცის რა გააკეთოს, შიშისაგან თვალებიც კი დახუჭა. ამ დროს კივილი შემოესმა, გაახილა თვალები და იხილა ოქროსთმიანი ქალი, რომელიც ველური წაბლის ეკლიანი კანით თმას ივარცხნიდა. ივარცხნის ქალი თმას და თავიდან სისხლი სდის. შეეცოდა კაცს, გაიწია მისკენ დასახმარებლად, მაგრამ რამდენადაც გაიწია ქალისკენ იმდენად იგი მას დაშორდა, მიდის ქალი მისგან და თანაც გზად წივილ-კივილს აგრძლებს. ასე შეიტყუა ქალმა მონადირე უღრან ტყეში. ამ დროს დაბნელდა, კაცი კი მაინც მიყვება ქალს, მიყვება და სიბნელეში გზას ქალის თმები უნათებს.
ამგვარი სიარულით ორივენი გამოქვაბულში შევიდნენ. შესვლისთანავე ქალმა დაადგო წაბლის კანი და იკივლა, აქ კი უკვე შეშინდა მონადირე და ჰკითხა:
– ქალო მითხარი ვინ ხარ? ვინ გიყვარს? და ვისთან წევხარ?
ქალი მიუახლოვდა მონადირეს კისერზე თმები შემოახვია, მოუჭირა და მისი დაღრჩობა დაიწყო. ამ დროს იქვე გამოქვაბულში მიწაზე წამოწოლილი ბავშვი წამოხტა და დაუყვირა ქალს:
– ქალო დალა, ლალა, სად არის ჩემი დანა?
ქალს შეეშინდა ბავშვმა თმები დანით არ მომაჭრასო და მოაშორა მონადირის კისერს. გაუშვა თუ არა თმები მონადირემ ამოისუნთქა და ბავშვს ჰკითხა:
– ბავშვო, ვისი ხარ და რატომ გადამარჩინე?
– შენ მამა ხარ ჩემი. ამ ქალს გული ალქაჯის, ხოლო თმები ლომის ფაფარივით ძლიერი აქვს. შენ მას ამ თმის ნაწილი მოაგლიჯე და მშვილდზე ლარი გადაჭიმე. მაშინ ქალი ორსულად იყო შენგან, თმის მოგლეჯის გამო კი ტყეში გაიქცა შენზე გაბოროტებული და ყველა შემხვედრ მონადირეს თმებით აღრჩობს.
თქვა თუ არა ეს ბავშვმა, ქალი წამოდგა, თმები აკრიფა, შემდეგ კი სულ მთალად ძირში მოიჭრა, მონადირეს ფეხებთან მიუყარა და უთხრა:
– თუ გინდა შენი ცოლი გავხდე და შვილი გაგიჩნო აიღე ეს თმები და მოკალი ბებერი დევი!
– არ მინდა შენი ცოლობა, ეს თმებიცა და ბავშვიც შენთვის დაიტოვე , იყავი ამ ტყეში მონადირეთა ცოლი, მე შენგან არაფერი არ მინდა.
თქვა თუ არა ეს მონადირემ ქალი გაბრაზდა, უმალვე გაეზარდა თმები, კვლავ შემოაჭდო მონადირეს კისერზე და იგი მაღალი კლდიდან გადაკიდა.
დღემდე ასე ყავს ქალს კლდეზე თმებით გადაკიდული მონადირე. ახლა როცა ღრუბლები მზეს დაფარავს ხალხი ამბობს, რომ მაშინ კლდეზე გადმოკიდებული მონადირე გამოჩნდება. ხოლო როცა კი მზეა ანათებს და სიცხეა მაშინ დალი ხილული ხდება იტყვიან, რომ ეს დღე სანადიროდ კარგია და ბევრსაც მოინადირებენ.
–
ჩაწერილია მ. მჟავიას მიერ 1971 წელს, ზემო სურებში მცხოვრებ 75 წლის ვანო ლომთათიძისაგან. თარგმნილია რუსულიდან. წყარო – (Е.Б.Вирсаладзе – Грузинский охотничий миф и поэзия)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა