ხანჯლით ბრძოლა გურიაში – მზვერავები ბეჟან ბოლვაძე და ალექსანდრე კვირკველია

ხანჯლით ბრძოლას გურიაში ადრე დიდი ტრადიციები ჰქონდა, გურიაში ძირითადად ხანჯლის გამოყენებით იმართებოდა გურულების დუელი „მახინჯარა“, რომელიც თავისი წესებითა და ორთაბრძოლის ფორმით ძალიან საინტერესოა გურულების საბრძოლო ტრადიციების თვალსაზრისით (1).
.
ასევე საინტერესოა გურიაში ადრე გავრცელებული „ხანჯლით ცეკვა“, რომელიც სოფელ ბახვში აღუწერია გაზეთ ტიფლისკი ვესტნიკის (2) კორესპონდენტს:
.
„მოცეკვავეთან ერთი იწყებს ხანჯლების ალესილი პირის სწრაფ და მკვეთრ მიახლოებას მისივე გვერდებზე, მხრებზე, იღლიებში, ზურგს უკან კისერზე, შემდეგ კი სამივე ხანჯალს წვერით კბილებში იკავებს და თანაც ამ ყველაფერს ცეკვის დროს აკეთებს. ამასობაში მისი ვიზავი ცეკვითა და ხანჯლის ქნევით გარს უვლის მოცეკვავეს, თითქოს მისი მოძმის მოხერხებულობის შესწავლა უნდა, რა დროსაც ხან მის წინ ჩერდება, ხანაც ისევ გარშემო უვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე მათგანი თან ცეკვავს და თან ხანჯლებით საზარელ ფიგურებს ხაზავს.
.
უცებ თითქოსდა რაღაც შეურაცყოფა მიაყენესო ერთი მოცეკვავეთაგანი თავს ესხმის ვიზავის და ძალიან სწრაფი მოძრაობებით უქნევს ხანჯლებს თავისა და მთელი სხეულის გარშემო. შემდეგ ერთერთი მათგანი ჩერდება, წინ გასწევს ორივე ხელში დაკავებულ ხანჯლებს, რომლებზეც ხტუნვას იწყებს მეორე მოცეკვავე ისე, რომ თავისი ხანჯლებით განუწყვეტლივ აკეთებს სხვადასხვა მოძრაობებს.“
.
ვასილი პოტო 1829 წლის ქრონიკებში (3) აღწერს დაზვერვაზე წასული გურული აზნაურის ბეჟან ბოლვაძის და რვა თურქის ბრძოლას. მტრის ბანაკთან მისული ბოლქვაძე 8 კაციან თურქულ პიკეტს გადაწყდომია – „რადგან უკან დახევა შეუძლებელი იყო, იგი გიჟური გამბედაობით ხანჯლით თავს დაესხა თურქებს. მარტოდმარტო რვა მტრის წინააღმდეგ დაწყებულ ჩეხვაში ბოლქვაძე რამდენიმე ადგილზე დაიჭრა, თუმცა მან ბრძოლის დროს მოკლა ორი თურქი და ორიც დაჭრა, დანარჩენები კი გააქცია.“
.
თავის ბანაკში ბოლქვაძე მისთვის დასახმარებლად მისულ მზვერავ აზნაურ ალექსანდრე კვირკველიას მიუყვანია, რადაგანაც ბრძოლისას შედეგად ბოლქვაძე ორივე ხელში იყო ხანჯლით დაჭრილი, ასევე მძიმე ჭრილობა ჰქონდა ფეხზეც. როგორც ამ ამბიდან ჩანს მზვერავმა ბრძოლაში მარტო ხანჯალი იხმარა. გურული მზვერავის ხანჯლით ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყოლია რუსების არმიაში, რისი დასტური გახლავთ პასკევიჩის 1829 წლის 24 ნოემბრის სპეციალური ბრძანება, ამონარიდი ბრძანებიდან – «сам же в борьбе сей был ранен кинжалами в обе руки я в ногу» (РГВИА. Ф. 14719. Оп. 9. Д. 50. Л. 230-231. Приказ по корпусу от 24 ноября 1829 г.)
.
პოტო ასევე წერს – „ამ კონკრეტულ ეპიზოდს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ აჩვენა, რა შესანიშნავი სულისკვეთებით იყო გამსჭვალული გურიის მილიცია. პასკევიჩმა ბოლქვაძეს მიანიჭა პრაპორშჩიკის წოდება, კვირკველიამ კი მიიღო ორდენი სამხედრო სამხედრო წარჩინებისათვის.“
.
ხანჯალს გურულებისათვის საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდა, ტარასი მამალაძის მიხედვით (4) – „გურულები თვლიდნენ, რომ ქაჯებთან ბრძოლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანჯლით, რადგანაც ხანჯალს ორლესული პირი ჰქონდა, ხოლო ისეთი ცივი იარაღით რომელსაც ორლესული პირი არ ქონდა ქაჯებთან ბრძოლა არ იყო მთლად მიზანშეწონილი. მაგალითად ხმალი ქაჯებთან ბრძოლისას არ გამოდგებოდა, რადგანაც ქაჯებთან ბრძოლისას ხმალი არ გამოდგებოდა, რადგანაც როგორც კი გურული ხმალს მოუქნევდა ქაჯი ხმალს ყუის (აულესავი) მხარიდან შემოახტებოდა და მასთან მეომარ გურულს თავს წააცლიდა.“
.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში მზადდებოდა ძალიან დიდი ზომის ხანჯლები, როემლსაც საბრძოლოს გარდა სარიტუალო დანიშნულებაც ჰქონდა. დიდი ზომის ხანჯალს გურიაში „ცხემლაიში“ ეწოდებოდა. ილია ჭყონიას “სიტყვის კონაში” (1910) “ცხემლაიში” განმარტებულია შემდეგი სახით – გურული დიდი სატევარი.
.
შავი ზღვისპირეთში გავრცელებული ხანჯლის ტიპს რუსები „გურულ ხანჯალის“ სახელით იცნობდნენ. ხელემსკის 1876-1890 წლების სამხრეთ კავკასიის მრეწველობის მიმოხილვის მიხედვით ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში მუშაობდა იარაღის დამამზადებელი სახელოსნო. სახელოსნოში დამზადებული უბრალო ხანჯალი ღირდა 1 მანეთი და 20 კაპეიკი, ხოლო ძვირფასად მოჭედილი 5 მანეთი.
.
– (1) გაზეთი „დროება“ 22.09.1872 წელი #37
– (2) Тифлисский Вестник“ 1875 г. №23
– (3) В. А. Потто – Кавказская война. Том 4. Турецкая война 1828-1829гг
– (4) Тарас Мамаладзе – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share