როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზუსტდება. ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. ხოლო არავაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს განმეორებით PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.
“1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შემსუბუქება ხდება. კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება- შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური პსრ ტესტით და ან ძველებურად 8- დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი პსრ ტესტი ჩაიტარონ, რის შემდეგაც თვითიზოლაციიდან თავისუფლები იქნებიან. ხოლო ისინი ვისაც არ ექნებათ შემოსვლიას ნეგატიური პსრ ტესტის პასუხი, 12 -დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8- დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს.რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ანუ 2 სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც, მწვანე აჭარაში ჩასაყვანად”.-განაცხადა თურნავამ.