ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სტატუსის მოლოდინის წინ იმაზე ხაზგასმა, თითქოს ოპოზიცია მის წინააღმდეგ მიდის არასწორი და ფაქტობრივად არამართებულია. ამის შესახებ მან პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
ლომჯარიას თქმითვე, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან ბრიუსელში და ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ განუცხადეს, რომ საქართველოს ოპოზიციის მხრიდან მათთან კომუნიკაციაში მხოლოდ სტატუსის მხარდამჭერი განცხადებები ჟღერდება.
“ძირითადი გზავნილი მათი აღქმით საქართველოს ოპოზიციიდან ეს არის კანდიდატის მხარდამჭერი და არავის არ უთქვამს, რომ ოპოზიცია ამის წინააღმდეგ მუშაობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ იმას – ციტირება რომ გავაკეთო დღეს ოპოზიციური წარმომადგენლების განცხადების – რომ ვიღაცამ, რაღაც შეხვედრაზე რაღაცა თქვა განსხვავებული, ეს შესაძლებელია აბსოლუტურად მომხდარიყო, მაგრამ როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს ამაზე ხაზგასმა, რომ ოპოზიცია თითქოს წინააღმდეგ მიდის კანდიდატის სტატუსის, უბრალოდ არასწორია, არამართებულია ფაქტობრივადაც და თუ ასეთი რამ ცალკეულ შემთხვევებში ხდება – ვიღაცა სადღაც რაღაც განსხვავებულს ამბობს, ეს მიმდინარე პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს […] დღეს ამაზე საუბარი, ამაზე ხაზგასმა, თითქოს კონსპირაცია შემოაქვს უადგილო, ფაქტებთან შეუსაბამო და ძალიან კარგად იყენებს ამას ხელისუფლება”, – განაცხადა მან.
დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.
მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი – მისი თქმით, არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ.