დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს იმის გამო, რომ ეთქვათ ის, რისი მოსმენაც ხელისუფლებას სურდა. დანაშაული რეალურად არ შემდგარა. ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მწერალმა, გარეჯზე და გახმაურებული საქმის ირგვლი არსებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას თავადაც აქვს კითხვები თუნდაც ივერი მელაშვილთან.
ტურაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ ვერ მოხდა დღემდე გარეჯის საკითხის მოგვარება ვერცერთი ხელისუფლების მიერ.
“ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია დაკავშირებულია სწორედ დავით გარეჯთან და ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების ყველაზე ტკბილი, კარგი მოგონებაცაა და იმავდროულად ყველაზე რთულიც. სტუდენტობის დროს მართლა ვცხოვრობდით გარეჯის თემით და ჩვენ გარეჯის თაობა ვართ. ბრძოლა რთული იყო იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდი იყო და გარეჯის ტერიტორიაზე იყო პოლიგონი.
მინდა მივულოცო გათავისუფლება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. ათასი დამნაშავე რომ დაიჭირო და ერთი უდანაშაულო, იმ ათასის დაჭერა არაფერს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მტკივნეულია გარეჯის თემა.
სხვათაშორის, გარეჯში შევხვდი მამა კირიონს, რომელსაც აღარ უთმობენ ეთერს და რომელმაც მხოლოდ თავისი სიმართლის ნაწილის თქმა მოასწრო, დანარჩენი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობდა, უბრალოდ არ ათქმევინეს. ეს არის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უნდა საქმე ძალიან კეთილად და კარგად დამთავრდეს. მან ძალიან კარგად იცის რომ არამარტო წინახელისუფლებისადმი უნდა გვქონოდა პრობლემა არამედ ამ ხელისუფლებისადმიც.
მე მითქვამს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს იმის გამო, რომ ჩათვალეს ეს იყო კარგი საშუალება იმისათვის, რომ მათ ეთქვათ ის, რისი მოსმენაც სურდათ, რასაც გამოიყენებდნენ თავისივე პოზიციის წინააღმდეგ. ამ ხალხმა არ თქვა, მთელი უბედურება ამაშია.
მე ძალიან დაინტერესებული ვარ ამ საკითხით, თქვენ გგონიათ მე არა მაქვს კითხვები ბატონ ივერი მელაშვილთან? მეც მაქც კითხვები, მაინტერესებს, ის რაც მარტივად მეჩვენება, რატომ არ გვარდება, ანუ ვინ არის და რა არის შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა მე რომ შეკითხვები მაქვს ეს სულაც არ არის საკმარისი ადამიანების დასაპატიმრებლად, რომლებსაც ბრალს ვერ უყენებენ იმიტომ, რომ დანაშაული არ შემდგარა, არ მომხდარა”, – განაცხადა ტურაშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაჯანისთვის ტერიტორია არავის გადაუცია, გარეჯი საქართველოა და ხელისუფლების აბსურდული ჩანაფიქრი თავიდანვე განწირული იყო.
“აზერბაიჯაინისთვის, ჩვენი მეზობელი ქვეყნისათვის ტერიტორიები არავის არ გადაუცია, ამის მსგავსი არ მომხდარა, ამიტომ ეს თავიდანვე აბსურდული იდეა ჰქონოდა ხელისუფლებას. ეს განწირული იყო და გამოჩნდა კიდეც ალბათ, ეს თემა მარტივად არ დამთავრდება.
მე მინდა გავიგო, ეს პროცესი რატომ არ მთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს? კარგად ვიცი გარეჯის თემა, რომ ჩემთვის მარტივია , სინამდვილეში სახელმწიფოებრივ ნებაზე, მონდომებაზე და სითამამაზეა დამოკიდებული. მერამდენე ხელისუფლებაც ვიცვლით და ვერავინ ბედავს თქვას, რომ აქ საკამათო არაფერია”, – ამბობს იგი.
მწერალი განმარტავს ისტორიულად რამდენ მონასტერს მოიცავდა დავით გარეჯის კომპლექსი და კონკრეტულად რა შეიძლება გამხდარიყო აზერბაიჯანთან შეუთანხმებლობის მიზეზი.
“გარეჯი არ არის მხოლოდ ლავრა, ის 17 მონასტერს აერთიანებს რაც მე მინახავს, მაგრამ შეიძლება მეტიც იყო. იქ საკამათო და სადაო ერთადერთი ბერთუბნის მონასტერი იყო. ივერი მელაშვილს რომ შევხვდე პირველად ამას ვკითხავ, რატომ გაპრობლემდა ეს მარტივად მოგვარებადი საკითხი, რომელმა ხელისუფლებამ არ გადადგა ეს ნაბიჯი. მე რომ მკითხო არცერთმა არ გადადგა.
ჩვენ გვონია, რომ მარტო ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანი და აზერბაიჯანს ჩვენ არ ვჭირდებით. მარტო ჩვენ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური, პარტნიორობის სურვილი და მათ არა. სულ თუ ასე შეგვეშინდება ვაი და რამე დავკარგოთო, ყველაფერს დავკარგავთ. იქ საკამათო არაფერია, არცერთი რუკით”, – განაცხადა ტურაშვილმა.
მწერალი ამბობს, რომ ხელისუფლება წარმოუდგენელ რისკზე წავიდა და ჩათვალეს, რომ არჩევნებზე მიღებული სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე დავით გარეჯი.
“სინამდვილის დადგენა რომ ნდომოდათ მაგ ვიდეომასალას არ გაუშვებდნენ, მე მეგონა მართლა რამე იცოდნენ, სიმართლის დადგენა, რომ ნდომოდათ ქართული სახელმწიფო ასეთ რისკზე არ წავიდოდა. ვერც ხვდება ახლანდელი ხელისუფლება რა რისკზე წავიდა, რა ზიანი შეიძლება ამან მოუტანოს თუნდაც გარეჯის საკითხზე. ვერც წამოიდგენენ.
ჩათვალეს, რომ არჩევნებზე მიღებული სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე დავით გარეჯი. სულ მინდა ვკითხო ყველას, ასეთი მარტივი საკითხი რატომ გაპრობლემდა.
წარმოგიდგენიათ, რა უცნაური ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ, დააკავა თავისი სახელმწიფო კომისიის წევრები, რომლებიც სხვის სასარგებლოდ მოქმედებდა”, – განაცხადა ტურაშვილმა.