“ადამიანიანის უფლებათა ცენტრი” (EMC) 14 და 15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე მათი უშუალო დაკვირვების და ინტერიუების საფუძველზე სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს. ორგანიზაციის განცახადებაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს ხელუსუფლებას გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებაა, ორგანიზაცია მის მუშაობას არაეფექტურად აფასებს. მათი თქმით, სააგენტოს არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაუჭრია, სამაგიეროდ მკვეთრად რეგრესიულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს აჟღერებს.
“ფიქრობთ, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ” – წერს EMC.
ორგანიზაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სოფელ ბუკნარში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს, სადაც მუსლიმი და ქრისტიანი თემის თანაფარდობა თითქმის თანაბარია. EMC აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, სოფელში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მატერიალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე მკვეთრი განსხვავებები არ არსებობს, თუმცა, ორივე ჯგუფი მეორე მხარეს უფრო პრივილეგირებულად, ან შეძლებულად მიიჩნევს.
“ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დგინდება, რომ სოფლის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის აშენებას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმმა თემმა ეს ფაქტი უარყო და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას განუმარტა, რომ მხოლოდ პარასკევის ლოცვის კოლექტიური შესრულება სურდათ, ამ აღიარებამ და დაპირებამ მეზობლებს შორის დაძაბულობა ვერ გადაჭრა”, – წერს EMC.
ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, რომ რელიგიის ნიადაგზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წევრებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში და მიმდინარეობის დროს პოლიცია ყოველთვის ჩართული იყო. მათ შორის 2021 წლის 10 და 12 იანვარს მომხდარი ფიზიკური ძალადობის ორივე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და ერთ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირიც დააკავეს.
კოფლიქტის მიმდინარეობაში, სავარაუდოდ, ჩართულები იყვნენ სკოლის მასწავლებლებიც, რამაც მუსლიმი თემის წევრები დააფიქრა შვილები ბუკნარის სკოლაში აღარ გაეშვათ.
“ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მუსლიმები აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობია, მიეცათ თუ არა შესაბამისი მითითება იმ მასწავლებლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სიძულვილის ენის გავრცელებაში”, – წერია დოკუმენტში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყველა კონფლიქტის შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და “ქართულ მიწაზე” ისლამური სალოცავების თუ სხვა რელიგიური დაწესებულებების დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. მათივე თქმით, როგორც კონფლიქტების ისტორია გვაჩვენებს, ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ, მათი ისლამური თვითაღქმა გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება.
EMC წერს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ამ კონფლიქტებს სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ მოჰყოლია. მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბუკნარში და სხვა ამგავრ თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.
საქართველოს მთავრობამ
- შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
- გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატირუი გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
- სხვადასხვა უწყების ერთობლივი მონაწილეობითა და ინტერდისციპლინური ცოდნებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, შეიმუშაოს და განახორციელოს სოფელ ბუკნარსა და რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების მქონე ან რისკის წინაშე მდგარ თემებში სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული გრძელვადიანი სამუშაოები.
საქართველოს პარლამენტმა
- რელიგიის თავისუფლების სფეროში მთავრობის პოლიტიკა დაუქვემდებაროს თავის საგანგებო ზედამხედელობას;
- სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის ქვეშ არსებულ რელიგიათა საბჭოს, ადამიანის უფლებათა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციების შუქზე დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ
- შეისწავლოს ბუკნარის სკოლაში გაუცხოების შემქმნელი ვითარების მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა მათ აღმოსაფხვრელად;
- შეიმუშაოს სპეციალური გაიდლაინები და პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შესაქმნელად, და აღნიშნული პროგრამები პირველ რიგში კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემების სკოლებში დანერგოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
- შეიმუშაოს და დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და სათანადო რეაგირების გაიდლაინი, რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს დაეფუძნება;
- კიდევ უფრო გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.
საქართველოს პროკურატურას
- გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს
- თავისი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშაოს თანასწორობის მხარდამჭერი პროგრამები მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ სოფლებში, და განსაკუთრებით გააძლიეროს მულტიკულტურული მიდგომების დანერგვა ადგილობრივი კულტურის პოლიტიკაში;
- გააღრმაოს თავისი თანამშრომლების ცოდნა რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მართვის სფეროში.