პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მის კამპანიაში “შენი ხმა ევროპას” არიან ჩართულები. ახალგაზრდები ხელმოწერებს პირველი კორპუსის წინ, ქუჩაში აგროვებენ.
მანამდე ზურაბიშვილმა რექტორი გააკრიტიკა და თქვა, რომ არ ესმის რატომ არ აძლევს ის სტუდენტებს საშუალებას მაგიდები უნივერსიტეტის შიგნით დადგან და ხელმოწერები ამ ფორმით შეაგროვონ.
“ვერავინ ვერ შეაფერხებს ხალხის კამპანიას”, – თქვა ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” მოკლე კომენტარში.
სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციისგან მსგავს შეზღუდვას არ ელოდნენ.
“გუშინ, როცა ეს კამპანია დავიწყეთ და შევედი, მათ შორის ლექტორთან, ჯერ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან და ბოლოს ბატონ ჯაბა სამუშიასთან, რომელიც არის სახელისუფლებო კადრი, ესეც აღსანიშნავია, შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდება მისი ასეთი გადაწყვეტილება და პასუხი, მისი როლიდან გამომდინარე, რის გამოც მოაგზავნეს ამ უნივერსიტეტში, თუმცა მიზეზი იყო ფორმალური”, – ამბობს ის.