გურიის წარსულის მომხიბვლელი ფერადოვნება
გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მკვეთრად შეიცვალა გურიის კულტურული, საზო-გადოებრივი და პოლიტიკური ყოფიერება, რასაც შედეგად გურულების ჩაცმულობის შეცვლაც მოყვა და მათი მრავალფეროვანი სამოსი რუხმა და შავთეთრმა “სტანდარტულმა” ტანსაცმელმა შეცვალა.
გურიის შესახებ სხვადასხვა ხასიათისა და დანიშულების ჩანაწერებს, აერთიანებს ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტი: გურიის ბუნების მრავალფეროვნებისა და გურულების მომხიბლავი ჩაცმულობის აღწერა, რომელიც ზოგ შემთხვევაში იმდენად დეტალური გახლავთ, რომ ვიზუალური მასალის გარეშეც შესაძლებელია მათზე გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ.
გურულები იცვამდნენ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელს, რომელიც გაწყობილი იყო სხვადასხვა ფერის შტრიხებით, ყველას ეცვა განუმეორებელი, ანუ დღევანდელი გაგებით ექსკლუზიური ტანსაცმელი და იშვითად შეხვდებოდით ერთნაირ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს.
მამაკაცები იცვამდნენ წითელი, მწვანე ან ლურჯი მკვეთრი ფერის ჩაქურებს, რომელიც გაწყობილი იყო ყვითელი ან თეთრი არშიებით.
ასევე მრავალ-ფეროვანი გახლდათ ქალბატონების ტანსაცმელიც, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ბორის კუსტოდიევი (შემდეგში ცნობილი რუსი მხატვარი), რომელიც ოზურგეთს 1897 წელს სტუმრობდა დადამისისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ დიდი მცდელობის შედეგად ძვლივს დაითანხმა ერთი გურული ქალი დახატა იგი, მაგრამ აქვე წერს, რომ მისი დახატვა უნდოდა არა მისი შესახედაობის არამედ მისი ულამაზესი და გასაოცარი კაბის გამო.
ნიკოლოზ დუნკელ ველინგი, რომელმაც გურიაში იმოგზაურა 1850-51 წლებში გურულ ქალებზე წერს – „განსაკუთრებით უყვართ ნათელი ფერების უძვირფასესი ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმელი, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარეგან ჩაცმულობას ვიდრე იმ ნატიფ ფუფუნებას, რომელსაც აღწევს ტუალეტ განათლება მიღებული ქალი, ამიტომაც თეთრეული არ ითვლება ტანსაცმელის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და უგულვებელყოფილია გურული ქალების მიერ, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მხოლოდ გარეგანი ჩაცმულობის ბრწყინვალებას.“
გურიის ეთნოგრაფიული კვლევების ავტორი კონსტანტინე გვარამაძე გურიის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჩაცმულობაზე წერს – „ორივე წოდებავე ერთნაირადვე იცმენ სუფთად და მშვენივრათ ჩაქურას (მოკლე ჩოხა-შარვალსა), წელზე არტყიათ ბელ-ყაიში, ყამა, ფიშტო აქვთ გარჭობილი, ჰკიდიათ მათარა. თავზე კაბალახი აქვთ და ფეხებზე პაჭანიკით მოწკეპილი წუღები მესტებით. ამ გვარათ ჩაცმულს გურული მნახველს მოეწონება.“
მოამზდა კახა ჩავლეიშვილმა.