„მინდა, რომ ყველას გისურვოთ მხიარული საღამო, რომელიც იქნება ზეიმი იმ ტოლერანტობის, რომელიც არის ჩვენი ნიშანი, რომელიც არის და იყო კავკასიის ნიშანი და რომელიც მომავალში, ევროპულ კავკასიაში იქნება ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი,“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში მიწვეულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
პრეზიდენტმა სტუმრებთან ევროკავშირისა და კამპანია “შენი ხმა ევროპას” მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”ჩვენ ერთად რომ შევალთ ევროკავშირში, რაც უთუოდ მოხდება, რამეთუ ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, იქ, სადაც ჩვენ ვართ, რომ მშვიდობიანად განვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რასაც მოაქვს ევროპა და პირველ რიგში, მივიღოთ ის თავისუფლება, გამყარდეს ის თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.