კახა ჩავლეშვილი-სოფლის მეურნეობას ანადგურებს დაყოფილი მიწები – რომსა და საბერძნეთში სიკვდილით სჯიდნენ მემამულეს, რომელიც ნაკვეთს გაყოფდა

კახა ჩავლეშვილი-სოფლის მეურნეობას ანადგურებს დაყოფილი და დაქუცმაცებული მიწები – რომსა და საბერძნეთში სიკვდილით სჯიდნენ მემამულეს, რომელიც ნაკვეთს გაყოფდა

„გაუმართავი მიწის სამართალით, სოფელი დავკარგეთ, მაგალითად კლასიკური გაგებით, არც შემოქმედი, არც მაკვანეთი, არც ლიხაური, არც ბოხვაური და სხვა სოფელი აღარ არის. ესენი არიან ქალაქის ტიპის დასახლებები, რადგან მთელი სოფლის არსებული მიწები დაქუცმაცებულია სამი ათასიდან ხუთი ათას მიწის ნაკვეთებამდე. მოკლედ, მიწის სამართალში ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ადგილობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე“

კახა ჩავლეშვილი; იურისტი;

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

 

ბახვი ჰესის“ რუბრიკის“ „სოფლის ცხოვრება“  სტუმარია კახა ჩავლეშვილი

კახა, რა აფერხებს გურიაში სოფლის მეურნეობის განვითარებას?

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი გამოუყენებელი მიწებია, გურიაში მიწების დაახლოებით 30%-ია დამუშავებული

ვამბობთ, რომ ვართ მცირემიწიანი და ამ მცირემიწიანობის პირობებშიც, სავარგულების უმრავლესობა დაუმუშავებელია. სწორედ ესაა საკითხავი, რატომაა ეს მიწები დაუმუშავებელი, რა უშლის ხელს ამ მიწების დამუშავებას. პირველი, რაც თვალშისაცემია, ამ მიწებს აქვს სამართლებრივი პრობლემები, ანუ ჩვენი მიწის სამართალი ვერ უზრუნველყოფს მიწის ეფექტურ გამოყენებას.

რაში მდგომარეობს ეს? პირველ რიგში, მიწა არის დაქუცმაცებული, მაგალითად შეხედავ სავარგულს, დიდ ფართობს, რომელიც დაყოფილია ათას ნაწილად, მე ვსაუბრობ გასული საუკუნის 90-იან წლებში განხორციელებულ მიწის რეფორმაზე, რომლის დროსაც მოხდა მიწების დაქუცმაცება. სწორედ ამ მიწების დიდი ნაწილია დღეს დაუმუშავებელი და დამუშავების შემთხვევაშიც მოსავლიანობა არის მწირი, რადგან ამ მიწების მფლობელები ნაკვეთებიდან დაახლოებით 30 კილომეტრი მანძილით არიან დაშორებულნი და მოყვანილი მოსავალი გაწეულ ხარჯებსაც ვერ ფარავს.

პირველი შუმერული ძეგლები მიწის სამართლისა, ასევე კანონები ძველ რომსა და საბერძნეთში კრძალავდა მიწის ნაკვეთების დაყოფას – დაქუცმაცებას, მაგალითად, რომსა და საბერძნეთში სიკვდილით სჯიდნენ მემამულეს – რომელიც ნაკვეთს გაყოფდა.

რატომ? იმიტომ, რომ მიწის ნაკვეთის დაყოფა ანადგურებს მის ეფექტურობას. აქვეითებს მოსავლიანობას, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაყოფილი ათას ნაწილად, იქ ათასი ღობე უნდა გაკეთდეს, ათასი გზა უნდა შევიდეს და ათასი კაცი უნდა ჩავიდეს, როცა შესაძლებელია ეს დაამუშაოს ათმა და თხუთმეტმა ადამიანმა.

ანუ მივიღეთ სიტუაცია, რომ ხშირ შემთხვევაში მიწა აქვთ ისეთ ადამიანებს საკუთრებაში, რომლებსაც არ უღირთ მისი დამუშავება ნაკვეთის სიმცირის გამო. შეუძლებელია, ამ მცირე ნაკვეთზე მოყვანილმა მოსავალმა გაწეული ხარჯებიც კი დაფაროს.

საინტერესოა, რომ სახელმწიფოს აქვს აღებული გარკვეული პროტექციონული პოლიტიკა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. მაგალითად თუ სასოფლო სამეურნეო მიწაზე წელიწადში ვიხდით გადასახადს დაახლოებიტ 60 ლარს, არასასოფლო სამეურნეოზე ეს ციფრი 600 ლარია. განსხვავება სოლიდურია, ანუ სახელმწიფო იმ ადამიანებს, ვინც აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ბეგრავს, ძალიან დაბალი განაკვეთით. მაგრამ არის შემთხვევები და მასიურია ეს, რომ ადამიანი არ იყენებს ამ მიწის ნაკვეთს და მაინც სარგებლობს სახელმწიფოს ამ შეღავათებით. 2005 წლიდან კი ეს ადამიანები საერთოდ განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან. ანუ მივიღეთ სიტუაცია, როცა მიწა – როგორც საბიუჯეტო, ასევე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყოველგვარი ეფექტურობის მიღმა დარჩა.

როცა შევარდნაძის დროს, გამოვიდა საქართველოში პირველი საგადასახადო კოდექსი ის შეიცავდა ასეთ დათქმას – თუ ადამიანი სასოფლო სამეურნეო მიწას არ იყენებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, მაშინ მას ამ მიწაზე უნდა გადაეხადა არასასოფლო სამეურნეო მიწის გადასახადი. ანუ თავისუფლდებოდა პრივილეგიებიდან. ეს დათქმა მალვე მოხსნეს.

ამას 2005 წელს დაემატა გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც რეფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთები საერთოდ განთავისუფლდნენ გადასახადიდან. ახლა ვღებულობთ მოცემულობას, ადამიანებს, რომლის უმრავლესობასაც წარმოდგენაც კი არა აქვთ სოფლის მეურნეობაზე, აქვთ დაქუცმაცებული, პატარ-პატარა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც არც იყენებენ, არც ყიდიან  და რომ იტყვიან “უგდიათ“ თავისთვის.

გურიაში მაგალითად ამ მხრივ სრული კატასტროფა გვაქვს, ბარდ ეკალში გადასული, გავერანებული პლანტაციები.

შესაძლებელია, ეს საკითხი ასე მტკივნეულად არ იდგეს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტყეების ნაკლებობაა და ველ მინდვრებია ბევრი. გურიაში, ჩვენ პირველ რიგში, მიწების დაქუცმაცებით, გაუმართავი მიწის სამართლით, სოფელი დავკარგეთ, მაგალითად კლასიკური გაგებით, არც შემოქმედი, არც მაკვანეთი, არც ლიხაური, არც ბოხვაური და სხვა სოფელი აღარ არის, ესენი არიან ქალაქის ტიპის დასახლებები. რადგან მთელი სოფლის არსებული მიწები დაქუცმაცებულია სამი ათასიდან ხუთი ათას მიწის ნაკვეთებამდე. მოკლედ მიწის სამართალში ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ადგილობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.

მაგალითისათვის ავიღოთ რუსეთის იმპერია, როცა ის გურიაში შემოვიდა, ანუ გურია მიიერთა, დაახლოებით 35 მუხლი დამატებით შეიტანა მის სამართალში მიწასთან მიმართებაში, სწორედ გურიის სპეციფიკიდან გამომდინარე. სპეცილურად ოზურგეთის მაზრისათვის, მათ შორის, როგორც ზემოთ ვთქვით მიწის სამართალი, მემკვიდრეობის საკითხები.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს გერმანული სამოქალაქო კოდექსი, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ეს კოდექსი ამბობს, რომ თუ მემკვიდრეობით ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემა, არ შეიძლება მისი გაყოფა და ის უნდა გადაეცეს იმ მემკვიდრეს, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობის საკითხებში. ამას გვეუბნება ჩვენი სამოქალაქო კოდექსი, მაგრამ იყენებს ვინმე ამას? თუ ადამიანი რომელიც გარდაიცვლება და ტოვებს სასოფლო სამეურნეო მიწას, დღეს ეს მიწა იყოფა იმდენზე რამდენი მემკვიდრეცაა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ძირითადად შევარდნაძის პერიოდში მიღებული კანონებია, როცა ჩვენი კანონმდებლები დიდი კანონშემოქმედებით არ გამოირჩეოდნენ და ხდებოდა გადმოწერა ევროპული კანონმდებლობის, ძირითადად გერმანულის, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება რომაულსა და ბერძნულ სამართალს, განსაკუთრებით მიწის ნაწილში. აქ გერმანული სამართლის მიხედვით მემკვიდრეობით აკრძალულია მიწის ნაკვეთის გაყოფა და ის რჩება ერთ მემკვიდრეს.ერთი შეხედვით,  ეს მიიჩნეოდა უსამართლო სამართლად, ქართული სამართალი კი, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, აზნაურს თუ ჰყავდა ათი შვილი, მიწები ათად იყოფოდა და გადაეცემოდა ათივეს, ითვლებოდა სამართლიანად. სწორედ მიწის ნაკვეთების ამ სამემკვიდრეოდ დაყოფებმა მიგვიყვანა საბოლოოდ „კლდიაშვილის პერსონაჟებამდე“ და ეს დაყოფა გახდა სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა.

რა არის დღეს გამოსავალი?

სახელმწიფომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი კოოპერაციულ წარმოებას და მიწის მესაკუთრეებმა თავიანთი ნაკვეთები უნდა გააერთიანონ. თუ გლეხები შეძლებენ მიწის ნაკვეთების გაერთიანებას, სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს აგრონომებით, ვეტერინარებით, თავისთავად შეღავათიანი კრედიტებით,  მიწა უნდა ჰქონდეს იმას, ვინც მიწის ფასი იცის, იცის მისი დამუშავება და პროდუქციის მოყვანა.

რამდენი ვიცით ჩვენ ადამიანი, მცოდნე, კვალიფიციური და არა აქვს მიწა და არც შესაძლებლობა შეიძინოს და პირიქით, აქვთ ჰექტრობით მიწები, მართლა „უგდიათ“ გავერანებული და უპატრონო და ელოდებიან ვიღაცას, რომ „ცეცხლის ფასად“ მიჰყიდონ.

გამოსავალი არის ასევე – ის მიწები, რომლებსაც არ გამოიყენებენ და მაინც სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით, უნდა დაიბეგროს როგორც არასასოფლო სამეურნეო.

თუ მოგყავს სოფლის მეურნეობის პროდუქცია-ისარგებლე სახელმწიფო შეღავათებით-თუ არა – მაშინ გადაიხადე, როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ტოლი.

ასეთი გამკაცრებით რას მივიღებთ? – გაყიდის მიწას ის, ვისაც ტყუილად აქვს და არ იყენებს, შეიძენს ის, ვისაც სჭირდება.

გაიხსენეთ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული მოვლენები, არ იყო ელექტროენერგია იმიტომ, რომ ხალხი გადასახადს არ იხდიდა, დაიწყო ხალხმა გადასახადის გადახდა და გაჩნდა დენი, დაახლოებით იგივეა მიწაზეც, გადაიხდი გადასახადს? გექნება შემოსავალი, არ გადაიხდი და იქნება გავერანებული. ეს ათასწლოვანი ტრადიციაა, შუმერებიდან მოდის, რომისა და ბერძნული გამოცდილებით, რომში კიდევ ხაზს ვუსვამ, მიწის გაყოფა ითვლებოდა უპატიებელ დანაშაულად, ჩვენ ეს ტრადიციები დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლის მეურნეობის კულტურების ცოდნა და გამოცდილება, ამას ხელახლა შეძენა სჭირდება.

წარმატებული ადამიანები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ფერმერს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share