ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ აშშ “ღიად ცდილობს უბიძგოს საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს”.
“ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ასევე ცდილობენ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას საქართველოსთან, ეს ე.წ. მეორე ფრონტის ჩაშვების პროექტია. შეერთებული შტატები ღიად ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ასევე ქართველი ოპოზიცია ჩაითრიოს, რათა საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს“, – აცხადებს ინალ არძინბა.
მსგავსი განცხადება დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა. მან თქვა, რომ “დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი”.
“მათ [დასავლეთს] უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე, დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს”, – თქვა ბჟანიამ.