სისტემას სულ უფრო მეტი პატიმარი ამხელს. ამჯერად მსჯავრდებულები ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ალაპარაკდნენ. “შაბათის მთავარმა” წერილი ციხიდან, 19 პატიმრის ხელმოწერით მიიღო. ისინი არაადამიანურ მოპყრობაზე წერენ და ყვებიან, როგორ ემუქრებიან ოჯახის წევრებით – “მოგმართავთ, რომ გაიგოს ხალხმა რა არაადამიანური და სასტიკი მეთოდებით მართავენ ციხეებს”.
მსჯავრდებულები ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე ღიად საუბარი ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯით ემუქრებიან. ამის მიუხედავად, ისინი ყვებიან, რა მეთოდებით მოქმედებენ მათ გასაჩუმებლად და როგორ ძალადობენ მათზე.
“ციხის ადმინისტრაცია გვემუქრება, თუ ჩვენ დავწერთ განცხადებას და თქვენ გააშუქებთ აქ არსებული სიტუაციის შესახებ, იქნება უფრო მეტი ზეწოლა. დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა სასჯელის დამატებაზე, მუქარა ოჯახის წევრებზე, უფრო კონკრეტულად , გვემუქრებიან ავადმყოფი შვილით, გვაშანტაჟებენ რომ ვეღარ ვნახავთ ოჯახის წევრებს. აგვიკრძალეს სატელეფონო ზარები, პირადი მიმოწერა, დაიწყეს კარცერებში ჩვენი უმიზეზოდ ჩასმა , დეესკალაციის ოთახში გადაყვანა, სადაც ხელ-ფეხ შეკრულები ვართ. აბსოლუტურად ყველა ბინძურ წესებს მიმართავენ ხოლმე იმის მისაღწევად, რომ გაგაჩუმონ და არავისთან არაფერი წამოგცდეს”, – წერია წერილში.
პატიმრები სახალხო დამცველს რეაგირებას სთხოვენ.