მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სახალხო ზეიმთან დაკავშირებით პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურა და წერდა, რომ ხელისუფლებას ზეიმში მონაწილეობა ყველასთვის უნდა შეეთავაზებინა… „დაანონსებულ კონცერტზე, წესით, ყველა ერთად უნდა იდგეს! ყველას უნდა შესთავაზონ მონაწილეობა. ვისი მომხრეა, არ აქვს მნიშვნელობა. აი, ეს იქნება გულწრფელი სიხარული ხელისუფლების და განაცხადი იმისა, რომ ვასრულებთ პოლარიზაციას და ერთად მივდივართ ევროპისკენ!” – წერს უშიკიშვილი…
თუ შეიცვალა რამე ამ პოსტის შემდეგ, ამის შესახებ უშიკიშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:
”მთელ საქართველოს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ერთად გვეხაროს…
რაც შეეხება შეიცვალა თუ არა რამე ჩემი პოსტის შემდეგ, რა თქმა უნდა – არაფერი! კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: პოსტში არ იგულისხმებოდა, რომ მოსაწვევი მჭირდებოდა, არც ხალხთან ერთად გასვლა-გაუსვლელობა და ამ სიხარულის აღნიშვნა. ამას ისედაც ყოველგვარი მოწვევის გარეშე გავაკეთებ! ის ვიგულისხმე, როცა კონცერტი იმართება, ხელისუფლების მხრიდან გულწრფელი სიხარული იქნებოდა, ყველას თუ საშუალება მიეცემოდა, სცენიდან თავის შემოქმედებით მიელოცა. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ხელოვანი მათი მომხრეა თუ – არა…
მე მგონია, ახლა, როცა ევროკავშირთან უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით, სასურველი იქნება, ეს მანკიერი წესი, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს და არა მარტო ახლა, შეცვლილიყო… სულ რაღაც ფავორიტები არიან ხელისუფლების, რაც ზუსტად მანკიერი წესია! იმედია, ყველა გავერთიანდებით, რათა საბოლოოდ მივიდეთ და დავბრუნდეთ იმ ოჯახში, რომელიც ჩვენი ისტორიული ადგილია… ჩემიანი, მისიანი, ახლა ამან უნდა იმღეროს ან არ იმღეროს, ეს ევროპელობა არ არის. ევროპაში შესვლა მარტო დროშა და ჰიმნი არ არის, ეს აზროვნებაა, სწორი ურთიერთობა, თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა…
ვფიქრობ, ყველა ხელოვანს აქვს უფლება, სცენაზე იყოს, ხალხს მიულოცოს და ასე შემდეგ… ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს ერთხელ უნდა დასრულდეს! არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება დაასრულებს, მაგრამ იმედია, მომავალი ხელისუფლებები შეძლებენ, რომ ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში პოლიტიკური კონტექსტი მოხსნან, ყველა იმ მიმართულებაში, სადაც ადამიანების ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია…
– საახალწლო ღონისძიებებიც იგეგმება და არც იქ გაქვთ მიწვევა?
– დიახ, მე დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ… ზუსტად მაგიტომაც ვთქვი, რომ ეს ის დღეა, როცა არც ახალი წელია, არც რამე კონკრეტული ღონისძიება… მე ვიცოდი, რომ არ მიმიწვევდნენ, მაგრამ აქ ჩემზე არ არის საუბარი. უბრალოდ, გამეხარდება, თუ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც მათ მომხრეებად არ ითვლებიან და აქამდე კონცერტებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ… მაგალითად, დღეს ნინო ქათამაძესთან ერთად ვიყავი და მანაც მითხრა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე შეთავაზება არ მიუღია…
მე რომ მკითხოთ, ყველა ჩვენგანს აქვს მცირედი წვლილი, რასაც ვზეიმობთ… ვის მეტი, ვის ნაკლები, ამას ვეღარ განვსაზღვრავთ. თქვენ თქვენი კალმით, მე – ჩემი სიმღერით, სხვას – თავისი საქმით და ასე შემდეგ… ამიტომ რაღაც ნაბიჯი საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიდგას ურთიერთობის აღდგენისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ! როცა ამ ქვეყნის სიკეთე გინდა, საშუალება უნდა გქონდეს, შენი სიმღერით, შენი საქმიანობით გამოხატო! ამაში ხელს არ უნდა გიშლიდნენ, პირიქით – ხელს უნდა გვიწყობდნენ!”
წყარო: კვირის პალიტრა