უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 2024 წლის დასაწყისში ჩვეულზე მკვეთრ განცხადებას აკეთებს და დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს.
„დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის საგანგებო ვითარების განცდა. პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატოსთან და დემოკრატიასთან ერთად“, – უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავლენიან გამოცემა “ეკონომისტს”.
ზელენსკის ამ განცხადების ფონია უკრაინის ქალაქებზე, რუსეთის მიერ ახალი წლის დადგომისთანავე ახალი ძალით განხორციელებული საავიაციო და სარაკეტო თავდასხმები, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ნგრევა ახლავს.
2024 წლის პირველ დღეს უკრაინის ძალებს რუსეთის არმიასთან ჰქონდათ სულ მცირე 56 საბრძოლო შეტაკება. 2 იანვარს კი ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ კიევსა და ხარკოვზე ნასროლი რაკეტებითა და დრონებით.
რუსეთის “მოდუს ოპერანდი”
ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს უსასრულოდ ომის გაგრძელება უკრაინაში, მაგრამ კრემლის ლიდერის ზოგადი საომარი რიტორიკა და მისი „მოდუს ოპერანდი“ საპირისპიროზე მეტყველებს.
„ჩვენ არ გვაქვს უსასრულო ომის სურვილი, მაგრამ არც ჩვენი პოზიციების დათმობას ვაპირებთ. ისინი, ვინ ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ საჭიროა რუსეთს სტრატეგიული მარცხი მივაყენოთო, ახლა უკვე ეძებენ საბაბს იმისთვის, თუ როგორ სწრაფად დაასრულონ კონფლიქტი. ჩვენც გვინდა კონფლიქტის დასრულება, ამასთან, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ჩვენი პირობებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 1 იანვარს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს. რ.თ.) დროს დაჭრილ რუს სამხედროებთან შეხვედრის დროს.
კრემლის პირობები და პუტინის მიზანი ცნობილია. 2023 წლის 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის დროს პუტინმა თქვა, რომ არ შეცვლილა რუსეთის მიზნები – უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.
ახლი წლის პირველ დღეს საავადმყოფოში მისული პუტინი დაჭრილ რუს ჯარისკაცებს უმტკიცებდა, რომ „სტრატეგიული ინიციატივა“ რუსეთის ხელშია და ელოდება ისეთ ხელსაყრელ ვითარებას, როდესაც მისი პირობებით შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებას ალტერნატივა არ ექნება. კერძოდ, რუსეთი ვარაუდობს, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიის წარუმატებელი კონტრშეტევა შეასუსტებს დასავლეთის მოტივაციას, განაგრძოს ომში მყოფი უკრაინის დახმარება.
დასავლეთის ქვეყნები 2023 წლის განმავლობაში ხშირად იმეორებდნენ, რომ იმდენ ხანს დაეხმარებიან უკრაინას, სადამდეც საჭირო იქნება.
წლის დასასრულს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვეღარ მიაღწევს უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დასახულ მიზნებს.
გასული წლის 22 დეკემბერს სააგენტო Deutsche Presse-Agentur-ს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი რუსეთისთვის იყო ნატოსა და ევროკავშირთან უკრაინის დაახლოებისთვის ხელის შეშლა. თითქმის ორწლიანი ომის განმავალობაში კი უკრაინა ნატოს ისე დაუახლოვდა, როგორც არასდროს, რაც, სტოლტენბერგის აზრით, რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მარცხია.
დასავლეთი ერთიანობას არ კარგავს
იყო ერთი ფაქტორი, რასაც კრემლი მისთვის ხელსაყრელ პირობად განიხილავდა. გასული წლის ბოლოს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა და ამის შედეგად ღაზის სექტორში დაწყებული ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთისკენ გადავიდა. ხოლო რუსეთის მორიგი ტერორი, როგორც საავიაციო იერიშებს უწოდა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დააშინებდა უკრაინელებს და დაარწმუნებდა მათ, რომ „სჯობს დათანხმდნენ რუსეთის პირობებს, ვიდრე იცხოვრონ გამუდმებული რუსული დაბომბვის ქვეშ“, – წერს რადიო თავისუფლების მიმომხილველი, ვიტალი პორტნიკოვი.
ეს „საინფორმაციო დაღლილობა“ მალე დასრულდა. 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მასირებული საავიაციო და სარეკეტო იერიშების შედეგად, ომი უკრაინაში კვლავ დაბრუნდა საერთაშორისო მედიის და საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში.
„შესაბამისად, როგორც ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, რეაქცია ამ ტერორზე იქნება საპირისპირო იმისა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი აკეთებდა გათვლას. უკრაინაში კვლავ გაიხსენეს ეროვნული კონსოლიდაციის, ხოლო მსოფლიოში უკრაინისათვის დახმარების – აუცილებლობა. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ შეახსენა კონგრესს უკრაინის დახმარების საკითხში შეთანხმებამდე მისვლის აუცილებლობა“, – წერს პორტნიკოვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კერძოდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის უკანასკნელი დაბომბვა წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მკაცრ შეხსენებას, რომ თითქმის ორწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ პუტინის მიზანი უცვლელია.
ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, „გააქტიურდეს”, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის მასირებული თავდასხმის შემდეგ.
უკრაინაზე რუსული ჯარების ბოლო მასიურ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც უკრაინის პარტნიორებს 5 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
- დააჩქარეთ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება;
- მიაწოდეთ უკრაინას ყველა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები;
- მიაწოდეთ უკრაინას 300 კმ-ზე მეტი სიშორის რადიუსის რაკეტები;
- დაამტკიცეთ გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ;
- მოახდინეთ რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2024 წლის 1-2 იანვარს რუსეთის მასირებული საავიაციო (დრონებით) და სარაკეტო იერიშების შემდეგ კრემლის მოქმედება დაგმეს და უკრაინისათვის დახმარების გაგრძელების შესახებ განცხადებები გააკეთეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ჩეხეთის ლიდერებმა. ნატოსა და ევროკავშირის წევრმა პოლონეთმა F-16 გამანადგურებლების ორი წყვილი და მოკავშირეთა ტანკერი აამოქმედა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის ფონზე. ხოლო გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, რომ თავი დაანებოს ყოყმანს და გადასცეს უკრაინას Taurus-ის კლასის რაკეტები.
გერმანიის მთავრობა მთელი 2023 წლის განმავლობაში განიხილავდა ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ საკითხი გაჭიანურდა კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციის გამო – მას რაკეტების მოდიფიცირება უნდა.
„შპიგელის“ თანახმად, ლაპარაკია ისეთი სახის ტექნიკური ცვლილებების შეტანაზე, რომლის შემდეგ კიევი აღნიშნულ რაკეტების გამოყენებას ვერ შეძლებს რუსეთზე იერიშებისთვის. აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ყირიმი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.
„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ “ეკონომისტთან” ინტერვიუში.
- 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული იერიშების შედეგად. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო.
- უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 10 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი” გაისროლა, რომლებიც უკრაინელმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა Patriot-ის სისტემების მეშვეობით ჩამოაგდეს.
- “რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ.
რადიო თავისუფლება