დედა მცირეწლოვანი შვილის დაბრუნებას წლებია ითხოვს. თამთა ჟვანიას 5 წლის ბავშვი ყოფილმა ქმარმა წაართვა. შვილის ნახვა მას ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნისას შეუზღუდეს. მამის მითითებით 5 წლის გოგო დედას ვერც ტელეფონით და ვერც ვიდეო ზარით ეკონტაქტებოდა. ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი ამბობს რომ ყოფილი ქმარი მასაც ემუქრებოდა და შვილთან კომუნიკაციას უკრძალავდა. საქართველოში დაბრუნებულმა კი შვილის ნახვა მხოლოდ სოციალური მუშაკისა და პოლიციის თანხლებით რამდენჯერმე მოახერხა, ახლა კი ყოფილმა ქმარმა ეს გზაც ჩაუკეტა.
ყველაფერი 2020 წელს დაიწყო. პანდემიის დროს თამთა ჟვანიამ სამსახური დაკარგა. ქმრის მოთხოვნით კი იძულებული გახდა სამუშაოდ იტალიაში წასულიყო და 3 შვილი უმუშევარ კაცთან დაეტოვებინა. ემიგრაციაში წასულმა ქალმა მალე გაარკვია, რომ მისი გამოგზავნილი ევროებით, ყოფილი ქმარი აზარტულ თამაშებს თამაშობდა. თამთა ჟვანიას ყოფილი ქმრის მუქარის დამადასტურებელი ხმოვანი შეტყობინებებიც აქვს.
დედის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, უფროსი ვაჟი საცხოვრებლად მარტო გადავიდა. თამთას ყოფილმა მეუღლემ კი გერი და მათი საერთო შვილი ოზურგეთში წაიყვანა. როგორც ქალი გვიყვება, სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულმა რამდენიმე თვეში აღმოაჩინა, რომ მამინაცვალი მის შუათანა არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. რასაც უმცროსი შვილი საკუთარი თვალით უყურებდა.
მამინაცვლის მიერ არასრულწლოვან გერზე ძალადობის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ საქმესთან ერთად გაერთიანდა უფროს ვაჟსა და დედაზე ძალადობის ეპიზოდებიც, რაც მათი თანაცხოვრების დროს ხდებოდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მუჯირი 8 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.
ავთანდილ მუჯირის ადვოკატები ფიქრობენ რომ თამთა ჟვანიას სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვა ქვეყანაში სტატუსის მისაღებად სჭირდება. იურისტები ამბობს რომ 5 წლის გოგონას დედასთან გაუცხოება აქვს და მისთვის ცხოვრება მამასთან უფრო კომფორტულია. მათ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მტკიცებულებათა ნაწილი მოგვაწოდეს. ვიდეოკადრები რომლითაც იმის დამტკიცება სურთ რომ ბავშვს დედასთან შეხვედრა არ უნდა.
ადვოკატების მტკიცების მიუხედავად, მამის მხრიდან ძალადობის გამო, დაზარალებულის სტატუსი 5 წლის გოგოსაც აქვს მინიჭებული. ფაქტის მიუხედავად, არასრულწლოვანი ამ დრომდე მამასთან ცხოვრობს. დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს თამთას და მის სხვა 2 შვილსაც.
ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე თაროზე შემოდო. წლებია ახალგაზრდა ქალი და მისი შვილები პროცესების დაწყებას ელოდებიან. თამთა ჟვანია საქმის გაჭიანურებას ერთადერთი მიზეზით ხსნის. ის ამბობს რომ მის ყოფილ ქმარს ქართული ოცნებიდან მფარველობენ. ჟვანიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერაძე ავთო მუჯირის ნათესავია.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად ბავშვი დედას მიაკუთვნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შვილი დედის მიმართ გაუცხოვდა და მას აღარ იკარებდა. თამთა ჟვანია ფიქრობს, რომ ყოფილმა ქმარმა ბავშვს მის მიმართ შიში ჩაუნერგა. 5 წლის გოგოს ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. სასამართლო ექსპერტიზის შეფასებაში ვკითხულობთ:
“ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ბავშვზე ზეგავლენის მოხდენის არაპირდაპირი მცდელობები, მამის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან”
ფსიქოლოგების დასკვნის მიუხედავად მამა ყველა ფაქტს უარყოფს.
სასამართლო ექსპერტები, რომლებიც 5 წლის გოგოსთან მუშაობდნენ, “მთავარ არხთან” აღნიშნავენ, რომ ბავშვის ორივე მშობელთან კომუნიკაცია აუცილებელია.
რეპორტაჟზე მუშაობის პროცესში გავარკვიეთ, რომ 5 წლის ბავშვი უკვე თვეზე მეტია მამას საბავშვო ბაღში აღარ დაჰყავს. თუმცა ბაღის მენეჯერს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? სოციალური მუშაკი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დედას შვილთან დაახლოებაში დაეხმაროს, თამთა ჟვანიას უბრალოდ აიგნორებს და მის შეტყობინებებს არც კი პასუხობს.
5 წლის გოგოს ბედი ახლა სისტემური გულგრილობის ფონზე უნდა გადაწყდეს. ვისთან უნდა იცხოვროს 5 წლის ბავშვმა, გადაწყვეტილებას 8 თებერვალს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე გამოაცხადებს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე; ვლადიმერ მენაბდე