საქართველოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი მთავრობა ეყოლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ჯერ ოფიციალურად მინისტრების კანდიდატურები არ დასახელებულა. თუმცა არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება.
თავდაპირველად სამთავრობო ცვლილებებზე ასეთი ვერსია გავრცელდა – თავდაცვის მინისტრად დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნება. თეა წულუკიანი დატოვებს კულტურის მინისტრის პოსტს და იუსტიციის უწყებას ჩაუდგება სათავეში. ამავე ვერსიის მიხედვით, კულტურის მინისტრი დეპუტატი ბექა დავითულიანი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებს, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება.
თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წულუკიანი რჩება კულტურის სამინისტროში. ასევე, ერთ-ერთი ვერსიით იუსტიციის მინისტრად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის მამუკა მდინარაძე.
არსებული ინფორმაციით, პოსტს დატოვებს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა მის შემცვლელზე, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატურაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ ვერსიის მიხედვით, თანამდებობებს შეინარჩუნებენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.