გამორიცხვით დავიწყოთ: ეს არც დასავლეთისთვის თავის მოსაწონებლადაა გაკეთებული და არც რუსეთისთვის; მითუმეტეს, არც წინასაარჩევნოდ ოცნების ელექტორატისთვის.. ამ მხრივ – კობახიძის ფიგურა ღარიბაშვილზე მეტად მიუღებელია როგორც ბრიუსელის, ისე მოსკოვისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ, ოცნების ერთ, რიგით, ტრადიციულ ამომრჩეველზე. მაშინ რით შეიძლება აიხსნას საჯარო პოლიტიკაში იძულებით მობრუნებული ივანიშვილის პოლიტიკური როქი, ანუ ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება?
ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა, ყველაზე ხშირად მთავრობაში არსებულ კორუფციის საფრთხეზე გვესმის. თუ ამას დავუმატებთ ღარიბაშვილის მოხსნის გადაწყვეტილებას, პირველ რიგში რაც თავში მოგვდის, სწორედაც რომ, კორუფციაა. რაც ბატონი ბიძინასთვის ზოგადად მიუღებელი სულაც არ არის, რადგან მისი აშენებული მმართველობითი სისტემა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მის ხასიათს, ბუნებას, წარსულსა თუ აზროვნების სტილს, სწორედ კორუფციულ ფუნდამენტზე დგას. მაშინ რამ გამოიწვია მილიარდერის ისეთი უკმაყოფილება, რომ იძულებული გახდა ჩრდილიდან გამოსულიყო?
ფიგურალურად რომ ვთქვათ, მან საკუთარ მსახურებს მისივე სამფლობელოს, ანუ საქართველოს კონკრეტული, მონიშნული ტერიტორიები მისცა საბალახოდ. როგორც ყოველთვის ხდება – მადა ჭამაში მოდის და უსაბელოდ დატოვებულები ნებადართულ საზღვრებს გადასცდნენ და ისეთი ტიპის კორუფციულ სქემებში შევიდნენ, რაც მათ შესაძლებლობებსა და ფინანსური რესურსების მოცულობას იმ საშიშ ზღვრამდე ზრდის, რისი გამოყენებითაც რაღაც ეტაპზე, დამოუკიდებელი თამაშის ან ალტერნატიულ პოლიტიკურ პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა უჩნდებათ.
მეორე მხრივ, თუ რამის მართლა ეშინია ივანიშვილს, ეს სამთავრობო ვერტიკალზე კონტროლის დაკარგვა და მართვის სადავეების ხელიდან გაშვებაა. საფრთხე მისთვის, პირველ რიგში, დასავლეთიდან მოდის. მისი სპიკერების გამოსვლებსა თუ ვრცელ წერილებში საქართველოში არეულობის მოწყობის, გადატრიალებისა თუ დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ მკაფიოდ და ღიად დასავლეთი სახელდება. შესაბამისად, თუ მისი მთავრობის წევრები და ძალოვანი სტრუქტურების გავლენიანი წარმომადგენლები დიდი მასშტაბის კორუფციულ გარიგებებში იქნებიან შესული, ეს მათ მოწყვლადს გახდის უცხო, მისი გაგებით მტრული ქვეყნების სპეც-სამსახურებისთვის, რაც შეუძლებელია არ ადარდებდეს ისედაც ეჭვიან ოლიგარქს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ კრიტერიუმებითაც შეირჩა ღარიბაშვილის შემცვლელად კობახიძე. ის, მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ ბიუჯეტში თანხების მობილიზების კლასიკური პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ავტორი და პროცესის მმართველია, კორუფციონერის პერსონალური რეპუტაცია არ “მოუხვეჭია”, ამავე დროს, კობახიძე არანაკლებ აგრესიულია ევროპელი პარტნიორების, პროდასავლური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა თუ პრეზიდენტის მიმართ და უაპელაციო მორჩილება აკავშირებს მილიარდერთან. და რადგან ოცნების სათადარიგო სკამი ამ მიმართულებით ძალიან მოკლეა, და ვერავინ, მათ შორის კალაძეც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ამ ეტაპზე, კობახიძე უალტერნატივო კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ მის გაპრემიერებას და ღარიბაშვილის ჩამოლაბორანტებას, ბევრი ნეგატიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. რადგან ეს პროცესი ქართული ოცნების მაღალ ეშელონებში, რაიონულ ორგანიზაციებში, რიგით წევრებსა თუ მხარდამჭერებში, მოკავშირე ინსტიტუტებში – ბიზნესსა, თუ საპატრიარქოში სერიოზულ გაურკვევლობას, ნეგატიურ მოლოდინებს და წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს.
ასეა თუ ისე, თავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილს მოუწია მისთვის ასეთი არაკომფორტული გადაწყვეტილებების მიღება, ერთ რამეზე მეტყველებს: ბოლო წლებში ბიძინასეული მართვის მექანიზმში რაღაც სერიოზულად მოიშალა. როგორც მინიმუმ – თავად ბატონ ბიძინას ასეთი აღქმა ჩამოუყალიბდა. ავტომატური მართვის რეჟიმში გადაყვანილი პროცესის მონიტორინგისა და მართვის მთავარი მექანიზმი კი იყო და არის სუსი, ანუ ლილუაშვილი. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად მართებულია ჩვენი ვერსიები, რის გამოც ივანიშვილი იძულებული გახდა, პროცესი კვლავ უშუალოდ მის, ანუ მექანიკურ მართვაზე გადაეყვანა და ასეთ ელექტორალურ რისკებზე წასულიყო წინასაარჩევნო პერიოდში, ახალი სამთავრობო კონფიგურაციით და ლილუაშვილის როლისა და პოზიციის შესაძლო ცვლილებით გამოჩნდება.
არადა, საქმე შესაძლოა უფრო მარტივადაც იყოს და მილიარდერის ეჭვიანობა, სულაც, ბოლო პერიოდში ღარიბაშვილის მხრიდან ერთგვარი ავტონომიურობის შეძენასაც უკავშირდებოდეს: ჩინეთის პრეზიდენტთან ვიზიტი, ორბანთან განსაკუთრებული მეგობრობა, პრეზიდენტ ვუჩიჩის მხრიდან საჯარო ქება-დიდება, რასაც პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველ სალივანთან ხანგრძლივი შეხვედრაც დაემატა – სრულიად შესაძლებელია, საკმარისი მიზეზი ყოფილიყო მილიარდერის ეჭვიანობისა და გაღიზიანების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. მე პირადად ნაკლებად მჯერა იმისა, რომ ღარიბაშვილის მსგავსი “რაც გინდა ის დაუძახე” დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებდა, თუმცა, ივანიშვილის თავში რა ხდება არავინ იცის. ამიტომ, სულაც არ არის გამორიცხული ოლიგარქმა უბრალოდ იეჭვიანა და დაიჯერა, რომ მისი მონა-მორჩილი უხვად არსებული კომპრომატების გამო “დაავერბოვკეს”, ამერიკული ვერსიით “დაარეკრუტირეს”.
აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დროების ვერსია და რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოსამზადებელი ფაზა იყოს უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსაყვანად და საქართველოში ივანიშვილების პოლიტიკური დინასტიის დასაფუძნებლად. მანამდე ყველა შავი საქმე სწორედ ახალმა პრემიერმა გააკეთოს. კობახიძე, თავისი უპირობო შემსრულებლური ქცევით ამ როლისთვის ოპტიმალური ვარიანტია. რის შემდეგაც უკვე უტა ივანიშვილს შეექმნება წინაპირობა და პლატფორმა ისე შემოვიდეს პოლიტიკაში, რომ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება თავად აღარ მოუწიოს.
მესმის, შეიძლება, ზედმეტად კონსპირაციულად მოგეჩვენოთ ის ვერსიები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილებების შეფასებისას კონსპირაციულობას უბრალოდ ვერ გავექცევით, რადგან საქმე გვაქვს ჩაკეტილ, ერთ ადამიანზე ჩამოკიდებულ მმართველობით სისტემასთან. ერთი თვის წინ ეს კაცი შემობრუნდა საჯარო პოლიტიკაში და მისივე კანონებისა და მოტივების მიხედვით დაიწყო ადრე დადგენილი საკუთარი წესრიგის, ახალი წესრიგით ჩანაცვლება. ამიტომ რა მოელანდა, მართლა მოხდა რამე, თუ უბრალოდ მის თავში ხდება რაღაც, ამას ბოლომდე ვერ გავიგებთ, სანამ თავად არ გახსნის კვანძს. და ასე იქნება, ვიდრე ნამდვილ, დემოკრატიული სახელმწიფოს არ ავაშენებთ, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა ერთი კაცის მიერ, ჩაკეტილ სივრცეში, ისიც უცნაური და ახირებებით გამორჩეული ქცევითი მოდელების პირობებში, არამედ საჯარო და გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესის შედეგად მიიღება.