ფოტო: ერეკლე მაღლაკელიძე
გაიწელებოდა, გაგრძელდებოდა თებერვალში ზამთარი გურიაში, აღარ ჩანდა საშველი და სახიდებელი.
საღამოობით, ნავახშმევს ხშირად შეიკრიბებოდენ მეზობლის ქალები ჩვენსას. ისე, უქმად, სალაყბოდ შეკრება არ ითვლებოდა ოჯახისქალისთვის წესად, ამიტომ რამე უხვავო საქმეს გამოძებნიდა ბებია, ასე ვთქვათ ქალთა ნადს იხმობდა, თან დიდი ხნის მირჩენილ საქმეს გამოათანიებდა და ხარობდა მათი ჩვენთან ყოფნით. იმ დღეს თიხის დერგებში წლობით ჩატენილი ბატის და კვატიების გულის ღინღლი და ბურდღა გამოდგა და ბალიშისთვის მათი გაწეწვა ისურვა, ვერ მევიცალე მიმრჩა, არიქა ქალებო თქვენი იმედი მაქვსო. ბაბუას ბუხარში თხემლის ჯიკვები შეეწყო და ღვიოდა, შემოუსხდენ. დაკურკუშებულ ბურდღას ფთრხილად იღებდენ დერგიდან და ნელა წეწავდენ. ნარჩენს ცეცხლის ალს ატანდენ. საღს და ღუნღულას ცალკე დიდ, ლურჯ ემალის ქვაბში აგროვებდენ.
ბაბუას ამ დროს თავისი საქმე ჰქონდა ყოველთვის, ქსოვდა, ხელიან კალათებს საბაზროდ, გორიცებს ჩაის საკრეფად, წაბლის კუშტულიან და შქერის ღაღვირიან გიდლებს ადესა ყურძნის და ჭეიშვილის ხეზე საკრეფად. დიდვან გოდრებს ქურჩენის, მშრალი ფოთლის ან ბალახის საზიდად. ან ჩელტებს და საღობავს იმზადებდა სახვალიოდ. დედა საფელამუშედ ჭადისფქვილს ამერდინებდა, მეზობლის ქალებისთვის პატივისსაცემად.
ქალები წეწავდენ ბურდღას და ყვებოდენ უკვე ასჯერ მოყოლილ ამბვებს, ზოგს ყურმოკრულს და სხვისგან მოსმენილს, ზოგსაც თავის თვალით ნანახს, განცდილს და სისხლ ხორცში გამჯდარს. ამ ამბვების იმდენი ვერსია არსებობდა რამდენი ქალიც გურიაში. ყველა თვისას ამტკიცებდა და ამბობდა რომ “ასე იყო მაი და არ უნდა ახლა ქექვა და ქილიკი.”
იმ ღამეს ძველი, ზოგიერთი ძალიან ძველი ამბავი გაიხსენეს, სიტყვა რომ სიძლიერეზე, ამტანობაზე, გამძლებაზე, გულის, სულის სიმაგრეზე და რწმენაზე, შეურყეველ რწმენაზე ჩამოვარდებოდა აუცილებლად ახსენებდნენ ესმა ბებიას.
“ოთხვე ბიჭი ერთად გეისტუმრა ომში, გულზე რიყის ნახვრეტიანი ქვაი დეიკიდა და ბოლო შვილის გაბილას მოსლამდე ატარა კილოიანი ქვაი გულით. გაბილას დამნახავმა მეიხსნა და ღობეზე მიაკიდა ვითამ აფერი ისე. აბააა” მოყვა ციალა ბებიამ და ამეოიგმინა.
” მაი კარა იიც გამიგონია, ესმას ბაღნების ომში წასლის დღეს ლები ძირს ჩამუუგდია და კაბა გუუხდელს უძინია ექვს წელზე მეტი ტახტზე..ნენა, ნენა ნენა..” იტყოდა ვერიქჩა ბებია და იცემდა თავში ბურდღიან ხელებს.
“ზუსტად იცოდა რომ ოთხივე უვნებელი მევიდოდა შინ, ომიდან. რომ ეტყოდა მეზობელი დაჟექი ესმა მეითქვი სულიო პასუხობდა თურმე: ვერ დავჯდები, ბიჭები რომ მევიდენ და სადილი ცხელი არ დახთენ რა ვქნა მერეო. ბევრს ჰგონებია მაშვინ შეშლილია ქალი ჭკვიდან და რას ვიზამთო მარა ააა, ქე იცით რაც იყო და რაფერც..”
ოჰჰჰ მაი რაია?! თქვა ქსენია ბებიამ და მისი დედის სოფლის ნაღობილეველი გობრონიძის ქალის ამბავი წამოიწყო.
“ორი ტყუპი ბიჭი დიეკარქა ასე, დიეკარქა ხო დიეკარქა..ფოთში მუშაობდენ და ერთ დღეს გამქრალა ორვე. არც ღმერთს სცოდნია იგენის გზაი და კვალი და არც ეშმაკს. არც მკტარის მნახველი იყო ვინმე და არც ცოცხლის.
უბედური დედამისი ქრივი, ყველა დილას გამოდიოდა სახლიდან გამწარებული, ნავენახარ კოდმეზე ფჩხილებით მოპოტნიდა ერთ ტორ ალიზა მიწას და შეჭამდა..” გაგვაჟრიალებდა, დევიზაფრებოდით..
“ასე ყოველ დილას ხუთ წელზე მეტ ხანს, ყოველ დილას. ბოლოს მუუსავდა ვეღარ დგებოდა ფეხზე და ფორთხვით გამოდიოდა კოდმესთან, ასე ქონია ჩათქმული და იმიზა. ხუთი წელი და კიდომ მეტი არც ერთი დღეი არ ჩუუგდია.. მარა თქვი შენ, გამოშთა ორვე ბიჭი ანგელოზივით, ტყუპი დები შიერთენ ცოლებათ.”
სათვალეზე მიწებებული ბურდღა მეიშორა ქსენია ბებიამ და დაგვამშვიდა, ღრმა სიბერემდე მიუტანებია ნაღობილეველ, მიწისმჭამელ გობრონიძის ქალს და შვილებში და შვილიშვილებში ჩაფლული გუუტარებია ცხოვრება სიამტკბილობაში. ” კუჭი სა ქონდა სულ არ იცოდა და ექიმი ან ეყოლებოდა ნანახი ან არა კიდომ..” დაგვიმატა ქსენიამ.
ოჰ მაი რაია? და თავის ნანახ ამბავს გვიყვებოდა ცუცა ბებია მეწიეთელი ლომთათიძის ქალის ამბავს ” ერთადერთი ოქროს, ბიჭიშვილი ყავდა ნინელის, ოცის ან იქნებოდა ან არა, ჩამუარდა ბიჭი ბალის ხიდან ქვეშ იჯდა უბედური დედამისი, წყალი უთხოვია, მობრუნებულ ქალს, ბიჭი სულდალეული დახვედრია. გუუგონრათ ინგლია ნინელიმ ერთადერთი შვილი. იმ დღის მერე წყალი გააგდო და სიკვტილამდე წვეთი არ ჩუუშუა პირში. არც ხილი იხილა და დაადგა კბილი მას მერე. ბევრი წელი ძაძით იარა და ჩაკვტა ასე.”
” კაით ახლა, კმარა ქალებო, კაი თქვით რაცხა.” იტყოდა ბაბუა და ტუნგოს ფართე ტკეჩს დააღობავდა გორიცას…
თებერვლის თვეში, ბუხართან ბურდღის მწეწავი ბებიების მოყოლილ მხიარულ ამბვებს სახვა დროს მოვყვები, დღეს კიდევ ერთი, მძიმე, მეფუტკრე ნინიძნების ოჯახის ამბავი მაქვს, ეთერი ბებიას მოყოლილი.
“ერთადერთი შვილი დიეღუპენ ომში, დეიფსო, დეიქცა მაგენის საკედარო ქვეყანა, რათ უნდა ლაპარიკი. გერონტი სიკვტილის ქაღალდით წევიდა საცხა, სთხუა მომიკტება ქალიც, თლად დეინგრევა ჩემდა ისედაც დანგრეული დუნია, მიშველეთ რაცხა, გვატირეთ, ჩამომასვენებიეთ დედამისისა მკტარიო. ყოფილა ვინცხა ახალგაზდა კომისარი მაშინ ისიდორე გობრონიძე, ნამეტანი შეცოდებია მოხუცი, გადუუდვია თავი და საწაულის ძალით მუუსვენა ოჯახში ბიჭი ომიდან.. ააა ამფერიც იყო, ამფერიც ხთებოდა..”
მადლიერების ნიშნად შვილად მიუღია ოჯახს ახალგაზრდა კომისარი, მისი ნაკვტავ ნაშრომიც მისთვის დაუტოვებიათ. კომისარს დაუმარხავს ორივე, შვილის გვერდით და შვილი რომ ვერ უპატრონებდა ისე უპატრონა თურმე.
მგლოვიარე მეფუტკრეს იმ დღის მერე თაფლში ფული და არც აფერი მაგიორი აღარ უუღია და მთელი წლის მოსავალს, თაფლიან სანთლიანად არიგებადა უანგაროდ.
ამასობაში ფელამუშსაც მოადუღებდა და ფრიალა საინებზე ამუარიგებდა დედა, ჩვენ მოგვეძინებოდა. ჩამოიფერთხავდენ მოხუცები წინსაფრებს, თავებს კოხტად გაიკრავდენ, შეკრებდნენ გაწეწილ ბურდღას, წინდაწინ გამზადებულ ცისფერ მითელში ჩატენიდენ და პირის გადაკერვამდე ყანთარზე აწონიდენ. ორ კილოს არც აფერი უნდა კლებოდა და არც მეტი ივარგებდა. გახამებულ პირს ჩამუაცუმდა, ააფუმფულებდა და იტყოდა ბებია” გიშველონ ქალებო ღმერთამა, ამას მე უთქვენოთ რაფერ ვიზამდი და გეიქნევდა გაბერილ ბალიშს ლოგინზე.
ხუთი ბალიში დამრჩა ბებიასგან ერთიმეორეზე ღუნღულა და ფუმფულა, ორი კილოა თითო, ამბავი, ბევრი ამბავი ახლავს თან, მადლია ზედ თავის დადება.